ფადი ასლი

ასლი: ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგს ვიმკით

ინტერვიუ საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტთან ფადი ასლისთან, ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში. 

- როგორც იცითსაქართველო ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. როგორ შეაფასებდით ამ ვითარებას? ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეკონომიკაში შოკის ნიშნებია, სხვები კრიზისს უწოდებენ.

კრიზისი შოკის გარეშე არ მოდის, შოკი იწვევს კრიზისს. კი, ეკონომიკა შოკის ქვეშაა - არის გარე შოკები, არის შიდა შოკები, რამაც კრიზისი გამოიწვია. როგორც სავალუტო კრიზისი, ისე ეკონომიკური კრიზისი.

ასე რომ, ჩვენ შოკებიც გვაქვს და კრიზისიც. შოკებია იმ კრიზისის მიზეზი, რასაც ახლა ვხედავთ.

- რა ან ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება - საგარეო ფაქტორები, ხელისუფლება თუ ხალხი - რომელმაც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში, არ იცის, თავისი კაპიტალი რა ვალუტაში დააბანდოს და კონსულტანტების დაქირავება მოსთხოვა?

გეტყვით. ხალხის დადანაშაულება არ მინდა. მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე. მართალია, რომ საგარეო ფაქტორები, საგარეო შოკები არსებობს. ერთ-ერთი მათგანია სიტუაცია რუსეთსა და უკრაინაში. უკრაინასა და რუსეთის მიმართულებით ექსპორტის შემცირებამ, ფულადი გზავნილების შემცირებამ ამ ქვეყნებიდან თავისი როლი ითამაშა. ნავთობის ფასების შემცირებამ გავლენა მოახდინა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებზე, რამაც ირიბად იმოქმედა ქართულ ეკონომიკაზეც. ეს გარე ფაქტორებია.

მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ეკონომიკა ჯანსაღი რომ ყოფილიყო, ჩვენ გარე შოკები ზიანს ვერ მოგვაყენებდა. ორი წელია, ხელისუფლება ბიზნესისადმი მტრული რეგულაციების მიღებითაა დაკავებული. თქვენ სხვებზე კარგად იცით, რამდენჯერ მივმართეთ მთავრობას რჩევით, არ მიეღო ბიზნესისადმი მტრული რეგულაციები, რომლებმაც დააფრთხო უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები.

ამას გარდა, შემოსავლების სამსახური იქცეოდა ძალიან აგრესიულად მთავარი ბიზნეს მოთამაშეების მიმართ. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი სულ რაღაც 100 თუ 120 კომპანიის ხელშია, რომლებიც შემოსავლების სამსახურის მხრიდან სასტიკი შემოწმებების ქვეშ იყვნენ და შედეგად, გაფართოების ნაცვლად, თავის დაცვა უწევდათ, შესაბამისად, არც ინვესტიციები განუხორციელებიათ, იმიტომ, რომ არ იცოდნენ, რა დაემართებოდათ.

ამ ფაქტორებს ერთად თუ შევკრებთ, დავინახავთ, რატომ აღმოვჩნდით ამ დღეში.

უფრო ცხადი რომ იყოს, რასაც ვამბობ, მაგალითს მოვიყვან  - წარმოიდგინეთ, რომ შვილი გყავთ, შტორმს ელოდებით, რამაც ტემპერატურა უნდა დაწიოს მინუს 20 გრადუსამდე. ამ დროს თქვენ სახლში თიშავთ გათბობას და ბავშვს საცვლებში ტოვებთ. ბავშვი ცივდება და ავად ხდება. 

ასეთ შემთხვევაში ბავშვის გაციებას ცუდ ამინდს ვერ დააბრალებ - საკუთარ თავს უნდა დააბრალო, რაც ბავშვს დამართე.

ასე რომ, არც მე ვაბრალებ გარე ფაქტორებს. მთავრობას ვაბრალებ, რომ არაკომპეტენტური აღმოჩნდა და ვერ მივხდა, რა ზიანს მიაყენებდა ცუდი კანონმდებლობა ეკონომიკას. მათი უმოქმედობის ან მავნე გადაწყვეტილებების ბრალია ის, რაც ხდება. მთავრობის ცუდი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია ის, რაც ხდება.

- რას გულისხმობთ შემოსავლების სამსახურის აგრესიულობაში? მთავრობა ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლება ატერორებდა ბიზნესს და ახლა ბიზნესი თავისუფალია.

წინა ხელისუფლება იყენებდა შემოსავლების სამსახურს ბიზნესიდან ადამიანების გასაწევად, ან მათ დასაჭერად. ეს აღარ ხდება ორი წელია. ამის მიუხედავად, შემოსავლების სამსახური უზარმაზარი წნეხის ქვეშ ამყოფებს ბიზნესს ორი წელია. ისინი შედიან კომპანიებში, წინასწარ იციან, რა ოდენობის თანხის ამოღება უნდათ კომპანიიდან, ზეწოლას ახდენენ პატრონზე, ყინავენ ანგარიშებს, ბიზნესის პარალიზებას ახდენენ და მორიგებას აიძულებენ, ან სასამართლოში მიათრევენ. თუ ნახავთ, რა რაოდენობის კომპანიებში შევიდა შემოსავლების სამსახური გასული ორი წლის მანძილზე და იმასაც თუ მიიღებთ მხედველობაში, რომ ეს კომპანიები მთლიანი შიდა პროდუქტის დიდწილს ქმნიან, მიხვდებით, რატომ შენელდა ეკონომიკა და რატომ გაიყინა.

ყველა ეს კომპანია ნაცვლად გაფართოებისა, შემოსავლების სამსახურისგან თავის დაცვაზე ფიქრობდა. როცა არ იცის ბიზნესმა, რა მოუვა, მეტ ინვესტიციას აღარ ახორციელებს, ელოდებიან, რა შედეგი მოყვება საგადასახადო შემოწმებას.

ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ ეს აგვეხსნა მთავრობისთვის. მივწერეთ მრავალი წერილი, სადაც ვეუბნებოდით, რომ ბიზნესკლიმატს აფუჭებს ამგვარი მიდგომით - როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის. ესაა პრობლემა. დღეს ჩვენ ვიმკით იმას, რაც ხელისუფლებამ გასული ორი წლის განმავლობაში დათესა ცუდი პოლიტიკით.

- ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავადვე აღიარებს, რომ ქვეყნის მართვაზე გავლენა აქვს, ახლახანს გაავრცელა განცხადება, სადაც ის თავს დაესხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს. მან თქვა, რომ ქადაგიძე ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ატარებს და მისი ბრალია, რაც ხდება. როგორი სიგნალია ეს? რა გავლენას მოახდენს ქვეყნის დეფაქტო მმართველის ამგვარი განცხადება ეკონომიკურ ვითარებაზე?

მიმაჩნია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან კარგად ასრულებს მის ფუნქციას. ის ძალიან კომპეტენტური ადამიანია და მოქმედებს საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად. მას კონკრეტული პარამეტრები აქვს დაწესებული, რომლებსაც ვერ დაარღვევს. ერთ-ერთი ასეთი პარამეტრია ის, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი არ უნდა ჩამოვიდეს კონკრეტულ ზღვარს ქვემოთ, ეს ზღვარი სამი თვის იმპორტის მოცულობითაა განსაზღვრული.

საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედებებს მონიტორინგს უწევს საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ ბანკის პრეზიდენტის პოლიტიკას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დადანაშაულება მიმდინარე კრიზისში სისუსტის ნიშანია. მხოლოდ სუსტი პიროვნება ჩაიდენდა მსგავს რამეს.

ნამდვილი ლიდერი პასუხისმგებლობას აიღებდა იმაზე, რაც ხდება. ნამდვილი ლიდერი იტყოდა, რომ შეცდომა დაუშვა, რომ მისმა მთავრობამ შეცდომა დაუშვა, რომ იმ ხალხმა, ვინც მან შეარჩია ქვეყნის სამართავად, შეცდომა დაუშვა და ჩვენ გამოვასწორებთ ამ შეცდომებს.

ივანიშვილის მიერ ხელის სხვისკენ გაშვერა კარგი ნიშანი არ არის, იმდენად, რამდენადაც, იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს, პირველ რიგში საკუთარი შეცდომა უნდა დაინახო.

ძალიან პესიმისტურ განწყობაზე დამაყენა ივანიშვილის განცხადებამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ძველი პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს და ეს კარგი არ არის.

- სადამდე შეიძლება კრიზისი გაღრმავდეს. როგორ ფიქრობთ, სად იქნება საქართველო ამ წლის ბოლოს?

გულახდილად რომ გითხრათ, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. მე არ მინდა, ხალხი დავაფრთხო. მაგრამ პირადად მე ოპტიმიზმით არ ვარ განმსჭვალული. საუკეთესო შემთხვევაში, იმავე ადგილს გავტკეპნით, სადაც ახლა ვართ. მაგრამ ესეც საუკეთესო შემთხვევაში - თუ უკან-უკან არ წავედით.  

ბოდიში, მეტს ვერაფერს გეტყვით. ოპტიმისტურად არ ვუყურებ მომავალს.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ. რა გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან?

პირველ რიგში უნდა აღიარონ შეცდომები. იმიტომ, რომ თუ მთავრობა შეცდომებს არ აღიარებს, ეს ნიშნავს, რომ იგივე პოლიტიკას აგრძელებს.

ეს პირველ რიგში. მეორე - ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ყველა, გასული ორი წლის მანძილზე მიღებული, ბიზნესის დამაზიანებელი რეგულაცია და კანონი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უცხოელ ინვესტორებისა და ადგილობრივ ბიზნესმენებს რწმენა გაუჩნდეთ.

მესამე - ჩვენ ვერ ვიქნებით ისე, როგორც აქამდე ვიყავით. ჩვენ ბევრად უკეთესები უნდა გავხდეთ. მთავრობამ ბიზნესს დამატებითი სტიმული უნდა მისცეს, იმისთვის, რომ საქართველოსადმი დაკარგული ინტერესი გაუღვიძოს.

ამასთან, უნდა მოხდეს პრივატიზაცია - პრივატიზებული უნდა იქნას ყველაფერი, რისი პრივატიზებაც შესაძლებელია. თან რაც შეიძლება, სწრაფად. 

მაგრამ ეს რთული იქნება, იმიტომ, რომ პრივატიზაციისთვის ისეთი ხალხი გჭირდება, რომელიც მზად არის ქონება იყიდოს. თუ თავად ივანიშვილი არ მოინდომებს სახელმწიფო ქონების ყიდვას და ამ გზით დოლარის ეკონომიკაში ჩაშვებას, ძნელი წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს პრივატიზაცია.

ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება პრივატიზაცია, იმისთვის, რომ ეკონომიკაში ჩაეშვას იმ რაოდენობის უცხოური ვალუტა, რაც საჭიროა ადგილობრივი ვალუტის გასამყარებლად.

ხოლო შემდეგ უკვე გრძელვადიანი გეგმა უნდა დასახონ ექსპორტის წასახალისებლად. ეს დროს საჭიროებს. ცხადია, ერთ ღამეში ვერ განხორციელდება. ექსპორტის წახალისება სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს, რომლის განხორციელებასაც თვეები და წლები სჭირდება.

მთლიანობაში, მოკლედ რომ აღვწერო, ესაა საჭირო ქართული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა, შეცდომები უნდა აღიარონ. ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს პროცესებს. მან სრული ავტონომია უნდა მისცეს ეკონომიკის მინისტრს, რათა იმოქმედოს, ეს მინისტრი გამონაკლისია მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის. გამონაკლისი იმ მხრივ, რომ ჩვენ, ბიზნესმენები ვენდობით.

თუ ეკონომიკის მინისტრს სრული და შეუზღუდავი ავტონომია ექნება, ის შეძლებს, ბიზნესწრეების დახმარებით, გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სიტუაციის კალაპორტში მოსაქცევად.

თუმცა, მეეჭვება, ეს მოხდეს - ივანიშვილი მთავრობის მიკრომენეჯმენტითაა დაკავებული და კონტროლის სურვილით შეპყრობილია - ამიტომ არ მგონია, ასეთი რამ დაუშვას.

კომენტარები