ნარკოპოლიტიკა

ზაბრანსკი: შეწყვიტეთ შერჩევითი ნარკოტესტები - ეს ადამიანის უფლების დარღვევაა

თეორემა/ტაბულა

თამარ ჩერგოლეიშვილის ინტერვიუ ნარკოპოლიტიკის საკითხებში ჩეხეთის მთავრობის მრჩეველ ტომაშ ზაბრანსკისთან.

- თქვენ ჩეხეთის მთავრობას კონსულტაციებს უწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, მონაწილეობდით იმ რეფორმაში, რომელიც ჩეხეთში გატარდა ნარკოპოლიტიკის კუთხით. თუ შეგიძლიათ, აღწეროთ, რას გულისხმობდა ეს რეფორმა და რა შედეგი დადგა?

ჯერ იმას ვიტყვი, რომ ამ პროცესში თავიდანვე ჩართული არ ვყოფილვარ. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმა, თუ ასე ვუწოდებთ, დაიწყო 1990 წელს, კომუნიზმის დამხობის შემდეგ. ერთ-ერთი პირველი, რაც პარლამენტმა გააკეთა, იყო საბჭოთა საკანონმდებლო მემკვიდრეობის რეფორმა, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან და ზოგადად, ჰუმანიზმთან შესაბამისობაში მოსაყვანად. გაუქმდა სიკვდილით დასჯა, მოხდა სრულწლოვანთა შორის ჰომოსექუალობის დეკრიმინალიზაცია. ამ ცვლილებებთან ერთად მოხდა ნარკოტიკის მოხმარებისა და პერსონალური მოხმარებისთვის შენახვის დეკრიმინალიზაცია იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ საკუთარი თავისთვის მიყენებული ზიანი არ შეიძლება დანაშაული, იყოს - ეს ადამიანის კერძო საქმეა.

ეს ყველაფერი მოხდა 1990 წელს. როგორც გითხარით, არა მხოლოდ მოხმარება, არამედ შენახვაც. საგულისხმოა ისიც, რომ რაოდენობა შეზღუდული არ იყო. ამან გარკვეული პრობლემები შექმნა. პოლიციელები ჩიოდნენ, რომ ნარკოტიკებით მოვაჭრეები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ ერთი კილო ჰეროინი პირადი მოხმარებისთვის უნდოდათ და თუ უშუალოდ ვაჭრობის ტრანზაქციის მტკიცებულებები არ არსებობდა, დილერების დაპატიმრების ბერკეტი არ ჰქონდა პოლიციას. მათ კი სურდათ, რომ შენახვისთვის მაინც გაესამართლებინათ. რაც თავისთავად უცნაური რამეა, იმიტომ, რომ ადამიანი რა დანაშაულსაც სჩადის, იმ დანაშაულისთვის უნდა გაუშვა ციხეში, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არგუმენტი მნიშვნელოვნად ჩათვალეს და 1998 წელს პარლამენტმა და მთავრობამ კანონმდებლობა გაამკაცრეს. ამ დროს უკვე ნარკოტიკების ეპიდემიოლოგიის სფეროში ვმუშაობდი და სტუდენტი აღარ ვიყავი, განსხვავებით 1990 წლისგან.

მოხმარება კვლავინდებურად არ წარმოადგენს არანაირ დარღვევას, არც ადმინისტრაციულს, არც სისხლის სამართლებრივს. რაც შეეხება შენახვას, ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობის შენახვა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო მცირეზე მეტის შენახვა - სისხლის სამართლებრივი. ეს ძალიან სადავო საკითხი იყო, იმ ლოგიკით, რაც ზემოთ აღვწერე. ასე ჩავერთე ამ პროცესში. მე ასისტენტ პროფესორი ვიყავი პრაღის უნივერსიტეტში მაშინ, როდესაც მთავრობამ გვთხოვა შეგვეფასებინა ამ საკანონმდებლო ცვლილების ეფექტი. რამდენიმე ჯგუფმა მოამზადა ანგარიში. მათ შორის, ჩვენც - როგორც გაირკვა ვითარება ამ ცვლილების შემდეგ არ გაუარესებულა, მაგრამ არც გაუმჯობესებულა. სამაგიეროდ, გაიზარდა ხარჯები - ანუ მივიღეთ უშედეგო, მაგრამ ხარჯიანი ცვლილება.

- ხარჯებში გულისხმობთ აღსრულებაზე გასაწევ ხარჯებს, არა? პოლიცია...

კი, პოლიცია, სახაზინო ადვოკატი, ციხე და ა.შ.

ხელისუფლება ჩვენს დასკვნას გაეცნო. გაიზიარა კიდეც - თავდაპირველ ვარიანტთან მიბრუნების პოლიტიკური ნება არ ჰქონდა, მაგრამ კოსმეტიკური ცვლილებები მაინც განახორციელა. მაგალითად, მოახდინა სასჯელის დიფერენციაცია ნარკოტიკების სახეობების მიხედვით - კანაფზე, სოკოზე, რაღაც კაქტუსებზე სასჯელი შეამსუბუქა.

- შენახვას გულისხმობთ?

შენახვაც და ვაჭრობაც. იგივე მოხდა მოყვანასთან მიმართებითაც. მაშინ, როდესაც სხვა ტიპის ნარკოტიკების, მაგალითად, სინთეტურის ან სემისინთეტურის დამზადებაზე სასჯელი გამკაცრდა. ჰეროინზე და მსგავს მძიმე ნარკოტიკებზეც იგივე მოხდა - გამკაცრდა. ეს მოხდა 2010 წელს.

მოკლედ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ამ პოლიტიკის წარმატება ან მარცხი დამოკიდებულია იმ საზოგადოების ღირებულებებზე, სადაც ტარდება. მაგალითად, თუ შეხედავთ 16 წლის ბავშვებს, რამდენ ადამიანს აქვს ჩეხეთში 16 წლის ასაკამდე მარიხუანა გასინჯული ერთხელ მაინც, ჩვენ ერთ-ერთი მოწინავეები ვართ ევროკავშირში. 16 წლის ახალგაზდების 40%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც, და უფრო ხშირად ერთადერთხელ, აქვთ კანაფი გასინჯული ამა თუ იმ ფორმით. მაგრამ ჩვენ ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სხვა ნარკოტიკების მოხმარების კუთხით. ჩვენ ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს შიდსით დაავადებულების ნარკოდამოკიდებულთა შორის - 0.3% -ზე ნაკლები. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ ძალიან დაბალი მაჩვნებელი გვაქვს ნარკოდამოკიდებულთა შორის C ჰეპატიტით დაავადებულების - სულ რაღაც 20%-ც არა, რაც ძალიან დაბალია მსოფლიო მასშტაბით. დაახლოებით 40 ადამიანი კვდება ზედოზირებით, რაც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია ევროკავშირში. ზოგ ქვეყანაში ზედოზირებისგან იმდენი ადამიანი იღუპება, რამდენიც ჩვენთან ავტოავარიებში.

ასე რომ, ფასეულობებზეა დამოკიდებული. თუ თვლი, რომ ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ცოდვაა, მაშინ ეს პოლიტიკა დამარცხებულა, იმიტომ რომ მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია. მაგრამ რაოდენობა იგივეა 2015-ში, რაც 2005 ში იყო. არ იცვლება. მაგრამ თუ ამ პრობლემას ჯანდაცვის პროფესიონალის კუთხიდან შეხედავ - რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ნაკლები ადამიანი კვდება, ნაკლებს კლავენ, ოჯახები ნაკლებად ზარალდება და ამ ყველაფრის ფასიც ნაკლებია. მაშინ, როდესაც ზოგიერთ სკანდინავიურ ქვეყანაში კანაფი გაცილებით ნაკლებს გაუსინჯავს, 10-ჯერ ნაკლებს ვიდრე ჩეხეთში, ნარკოტიკების ზედოზირებით გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ბევრად მეტია HIV-ით დაავადებულთა რიცხვი, გაცილებით მეტი. ან თუნდაც თქვენს მეზობელ რუსეთს შეხედეთ. რუსეთი კარგი მაგალითია.

- რით დასტურდება, რომ ჩეხეთის ნარკოსტატისტიკა კორელაციაშია გატარებულ რეფორმასთან? თქვენ ახლახანს თქვით, რომ კანაფის მომხმარებელთა რაოდენობა 2005-დან 2015 წლამდე არ შეცვლილა.

ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კვლევაა ჩატარებული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევის ავტორი პიტერ როიტერია, მერილენდის უნივერსიტეტიდან. ნარკოპოლიტიკას თითქმის ნული გავლენა აქვს ნარკოტიკების მოხმარებაზე. მოხმარებას სხვა ფაქტორები განაპირობებს - კულტურა, ღირებულებები, რელიგია, ეკონომიკური სიტუაცია და ა.შ. იმის გამო, რომ ეს ურთიერთშეთნხმებული გარიგებაა, ანუ ერთი მხარე ყიდის, მეორე მხარეს ყიდვა უნდა, ამ ტრანზაქციის გამოვლენა რთულია, შესაბამისად, დაჭერის ალბათობაც დაბალი, იმიტომ, რომ დაზარალებული არ არსებობს, როგორც, მაგალითად, მაღაზიის ძარცვისას. თავად მოხმარებაზე ამას გავლენა არ აქვს, მაგრამ გავლენა აქვს მოხმარების შედეგებზე - ზიანზე რაც მოხმარებისგან გადგება. არის ქვეყნები, სადაც სწორი პოლიტიკის შედეგად ზიანი მინიმიზებულია. არის ქვეყნები - მაგალითად, რუსეთი, სადაც ზიანი მაქსიმალურია.

- იმ ადამიანების ერთ-ერთი არგუმენტი, ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, ისაა, რომ, როდესაც რეგიონში ყველა ქვეყანა მკაცრ პოლიტიკას ატარებს და შენ მსუბუქი მიდგომის კუნძულს აჩენ, ეს ქვეყანას ნარკოტურიზმის ერთგვარ ჰაბად აქცევს. ჩეხეთში თუ მოხდა მსგავსი რამ? ახალგაზრდები ნარკოტიკების ხათრით ხომ არ სტუმრობენ პრაღას? ეს საკითხი ხომ არ შეგისწავლიათ?

კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ პრაღაში ვცხოვრობ და ვიცი, რომ ნარკოტურისტები ჩამოდიან, მაგრამ ჩამოდიან ლუდის დასალევად. ჩვენთან ლუდი ძალიან იაფია. როგორც იცით, ჩვენ მოვიგონეთ პილზნერი და ის უფრო იაფია, ვიდრე ნებისმიერი გაზიანი სასმელი რესტორანში. ასე რომ, ახალგაზრდები ჩამოდიან გოგოების გასაცნობად და იაფი ლუდის დასალევად. ამის თანხმლები პროცესია ყველაფერი სხვა - კი ეწევიან მარიხუნასაც, მაგრამ, ეს არ არის არალეგალური ნარკოტურიზმი. ეს ლეგალური ნარკოტურიზმია, უბრალოდ, სხვა სახის ნარკოტიკია - ალკოჰოლი.

- თქვენ საქართველოში მრავალი წელია, დადიხართ - 2005 წლის შემდეგ. იცნობთ ნარკოპოლიტიკას. ანგარიშებიც გაქვთ გამოქვეყნებული. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ ეფექტური ნარკოპოლიტიკის ასამოქმედებლად?

ეს რთულია, მე პირდაპირ პასუხს მოვერიდებოდი. მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. მიუხედავად იმისა, რომ გულით მიყვარს. ნარკოპოლიტიკა დიდადაა დამოკიდებული ბევრ სხვა ფაქტორზე, მათ შორის, კულტურასა და ღირებულებებზე. უფრო ბრძნული პოლიტიკა ისაა, რომელიც ფაქტებს და გადამოწმებულ ინფორმაციას ეფუძნება. არ მინდა, მიმთითებლად გამოვჩნდე, მაგრამ საქართველოს მთავრობას შემიძლია, ვურჩიო, რომ ყოველთვის ნახონ რიცხვები. ნახონ შედეგი - თუ გადადგეს ნაბიჯი, რამდენად იმუშავა? ოღონდ პოლიციამ პოლიციის შედეგი არ უნდა შეაფასოს და ნარკოლოგმა ნარკოლოგის. გარე შემფასებელია საჭირო. მეცნიერულად მიუდექით, მიუდექით საქმიანად და მომდევნო ნაბიჯები შეიმუშავეთ. და, რასაკვირველია, ასახეთ თქვენი ქვეყნის ღირებულებები. თქვენი ქვეყანა ჩემისგან განსხვავდება, თქვენ უფრო რელიგიურები ხართ. ხალხის ტემპერამენტი განსხვავებულია. ეს ყველაფერი უნდა აისახოს. და ბოლოს, ერთი რჩევა მაინც მექნება, შეწყდეს შემთხვევითი შერჩევის წესით იძულებითი მოშარდვა და ნარკოტესტები. ეს ადამიანის უფლების დარღვევაა. ეს ევროპულ ღირებულებებს აცდენილია. შარდის ტესტის სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენა საღ აზრს ეწინააღმდეგება.

- სამედიცინო მარიხუანა თქვენთან ლეგალიზებულია. 18 წელზე უფროს პაციენტებს შეუძლიათ რეცეპტის მიღება...

აპრილიდან ბავშვებისთვისაც დაშვებულია...

- მართლა? ეს რაღაც ახალია... შეგიძლიათ, მარიხუანის, კანაფის სამედიცინო თვისებები აღწეროთ?

კვლევებზე დაყრდნობით, ის, რაც დადგინდა ისაა, რომ კანაფი შველის ძლიერ და საშუალო ტკივილს. მაგალითად, კიბოთი დაავადებულებში და არა მარტო. ამას გარდა, კანაფს იყენებენ გარკვეული ნევროლოგიური აშლილობების სამკურნალოდ - განსაკუთრებით გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პაციენტებში სამედიცინო მარიხუანის ეფექტი განსაცვიფრებელია, ის არა მხოლოდ ტკივილს ხსნის, არამედ სპაზმსაც. შესაბამისად, პაციენტები გაცილებით უკეთ ახერხებენ საკუთარი თავის მოვლას. ასევე იყენებენ გულისრევის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით იმას ეხმარება, ვინც აგრესიულ მკურნალობას გადის - ქიმიოთერაპიას ან რადიოთერაპიას. სამედიცინო მარიხუანა ან მისგან დამზადებული პროდუქტი კარგი იმითია, რომ ძალიან ცოტა გვერდითი ეფექტი აქვს. რასაკვირველია, არის სხვა მედიკამენტებიც, მაგრამ ისინი ადამიანებს აბრუებენ, ვერ ხვდებიან, რა ხდება ირგვლივ. ამ თვალსაზრისით, კანაფი ბევრად უფრო კომფორტულია. და, რასაკვირველია, დერმატოლოგია - ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც კანაფი გამოიყენება.

ამას გარდა, სხვა უზარმაზარი კვლევებიც მიმდინარეობს. კანაბინოიდის რეცეპტორები ჩვენ, ადამიანებს და ცხოველებსაც, მთელ სხეულში გვაქვს. ჩვენ თავად გამოვიმუშავებთ საკუთარ კანაბინოიდებს - ეს მნიშვნელოვანია. რამდენიმე შემთხვევაში კვლევა ძალიან იმედისმომცემად გამოიყურება. ერთი ეხება გარკვეული ტიპის სიმსივნის მკურნალობას - ცნობილია, რომ კანაბინოიდები უჯრედებს კლავენ. თუ კვლევამ გაამართლა, გამოვა, რომ რადიოთერაპიაზე ნაკლებად აგრესიულ მკურნალობას მივაგენით.

იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული კვლევაც საკმაოდ დამაჯერებელია და კიდევ ერთი ბოლო შემთხვევა, რომელიც ბავშვებს უკავშირდება - ეპილეფსიას. კანადაში,ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ სამედიცინო მარიხუანა კარგად მოქმედებს ეპილეფსიის მწვავე და აგრესიული ფორმით დაავადებულ ბავშვებზე, მათ დღეში ორასი შეტევა ემართებათ, იფიტებიან, ხოლო სამედიცინო მარიხუანას კვირაში ერთ შეტევამდე ჩამოყავს. შესაბამისად, უფრო უმტკივნეულოდ ვითარდებიან, ვიდრე მანამდე. მოკლედ, ეს კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა, სადაც ბევრი კვლევა მიმდინარეობს ამჟამად.

- როგორც მივხვდი, ჯერჯერობით არცერთ შემთხვევას შესაბამისი კონტროლი არ გაუვლია.

არა, ეს ყველაფერი ჯერ ექსპერიმენტულ სტადიაზეა. კიბოს ნაწილში საწყის ეტაპზე - ცხოველებზე უკვე ჩატარებულია, ლაბორატორიის კვლევებიც ჩატარებულია.

სიმპტომების მკურნალობას, ღებინებას და ა. შ. რაც შეეხება, ის უკვე დადასტურებულია ბევრ ქვეყანაში - შტატებში, კანადაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, ჩემს ქვეყანაში, რუმინეთში, ინდოეთსა და ბევრ სხვა ადგილას.

აი, გამომწვევი მიზეზების მკურნალობას რაც შეეხება, აქ ექსპერიმენტები მიმდინარეობს. კვლევის ეტაპზეა, მაგრამ ძალიან იმედისმომცემად გამოიყურება.

- ზიანზე რას იტყვით, რა ზიანს აყენებს ადამიანს კანაფი?

რას გულისხმობთ?

- მარიხუანა მავნებელი არის თუ არა? საუბრობენ ტვინის ზიანზე. სამედიცინო მარიხუანას არ ვგულისხმობ, კანაფის არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანი რა არის?

მე მაინც სამედიცინოთი დავიწყებ. ყველა წამალს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს. როდესაც ნიშნავ, უნდა აწონ-დაწონო, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი და ამის მიხედვით გადაწყვიტო. ეს ჩემი, ექიმის პასუხისმგებლობაა და შეიძლება, ციხეშიც წავიდე, რამე თუ შემეშალა. მაგრამ სამედიცინო მარიხუანის მომხმარებელს დაბოლება არ უნდა. უნდა, რომ თავი იგრძნოს უკეთ - ეს იოლი შესაძლებელია მარიხუანის შემთხვევაში.

რაც შეეხება გასართობად მოწევას, რასაკვირველია, თავისი უარყოფითი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში თუ იწყებ, ტვინზე არ მოქმედებს კარგად, ნევროლოგიურ სისტემაზე. მაგრამ გაცილებით ნაკლებად დრამატულია, ვიდრე ჰგონიათ. კანაფი არ აქცევს ადამიანებს ფლეგმატურებად, არც აშტერებს, არც სხვა ნარკოტიკების მოთხოვნილებას უჩენს. ზიანი მოაქვს, როგორც ნებისმიერ სხვა ფსიქოტროპულ ნივთიერებას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფსიქიკური აშლილობისკენაა მიდრეკილი, სერიოზული დაავადებებისკენ - შიზოფრენიისკენ ან ბიპოლარული დეპრესიული მანიისკენ. თუ მსგავსი დაავადება გქონიათ, ან ოჯახში ვინმეს ჰქონია, ყველანაირი ფსიქოტროპული ნარკოტიკი და წამალი უნდა აირიდოთ. განსაკუთრებით კანაფი.

- კარიბჭის თეორიაზე რას იტყვით? ხომ ამტკიცებენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები თითქმის ყოველთვის გადადიან მძიმე ნარკოტიკებზე - ჰეროინზე, მორფზე?

კარიბჭის თეორია პოპულარული იყო 60-70-იან წლებში, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული მისი რეპუტაცია შეირყა, ხოლო 2001-ის შემდეგ საერთოდ მოკვდა.

- ეს თეორია აქ არ არის მკვდარი, ამიტომ გეკითხებით.

ეს თეორია ეყრდნობა იმას, რომ ჰეროინის ყველა თუ არა, უმეტეს მომხმარებელს რომ ჰკითხო, რა იყო მათი პირველი ნარკოტიკი, მარიხუანას გეტყვის. მაგრამ ავიწყდებათ ალკოჰოლი, სიგარეტიც და დედის რძეც. ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ ჰეროინზე დაჯდებოდნენ.

უზარმაზარი კვლევა ჩატარდა, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა, ენდრიუ მოროუ და მისი გუნდია ავტორი. კვლევა არაერთხელ გახდა თავდასხმის საგანი, თუმცა ამ დრომდე ყველაზე კარგად ხსნის იმას, თუ რატომ ხდებიან ადამიანები ნარკომანები. ზოგიერთი უფრო მიდრეკილია, ზოგი ნაკლებად. ზოგს მეტად ჭირდება ფსიქიკაზე ზემოქმედება, ზოგს საერთოდ არ სჭირდება. ამით აიხსნება, რომ ზოგი ექსპერიმენტებზე უარს არ ამბობს, მაგრამ დამოკიდებული არ ხდება, ზოგი - პირიქით. როგორც წესი, ვისაც აქვს ნარკოტიკებზე მოთხოვნილება, იწყებს იმით, რაც უფრო ხელმისაწვდომია. ყველაზე ხელმისაწვდომი სიგარეტია. ასე რომ თითქმის ყველა სიგარეტით იწყებს. შემდეგ ალკოჰოლი - საქართველოში უფრო ადვილად იყიდი, თუნდაც 15 წლის იყო. თუ ისევ გაინტერესებს გაგრძელება და მოტივირებული ხარ, შემდეგი ყველაზე ადვილი საშოვნელი ნარკოტიკი რა არის - კანაფი და ა.შ.

თუმცა, ჩეხეთის მაგალითიც მოწმობს, რომ ეს ასე არ არის. ჩვენთან მათი რიცხვი, ვისაც გაუსინჯავს მარიხუანა, ევროკავშირში ყველაზე მაღალია, მაგრამ ამავდროულად ვისაც მძიმე ნარკოტიკები გაუსინჯავს, მათი რაოდენობა ძალიან დაბალია. იგივე ითქმის ნარკოდამოკიდებულებზეც.

მე ვიტყოდი, შეიძლება, პირიქით, ჩანაცვლების ეფექტი ჰქონდეს.

- საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, კანაფის დეკრიმინალიზაციის კამპანია მიმდინარეობს. რას ურჩევდით ამ კამპანიის მონაწილეებს? რა ნაბიჯები უნდა გადადგან მიზნის მისაღწევად?

რეკრეაციულ გამოყენებას გულისხმობთ?

- დიახ.

აქტივისტების მრჩევლად ვერ გამოვდგები, მაგრამ მჯერა და ამას რიცხვებიც ადასტურებს, რომ მათ უნდა გააგებინონ პოლიტიკოსებს შემდეგი - კარიბჭის ეფექტი არ არსებობს, მკვდარია; რომელიმე კვლევას ან მკვლევარს დაეყრდნონ ნარკოეპიდემიოლოგიის დარგში; დემოკრატიულ კანონმდებლობაში ერთი პრინციპია გათვალიწინებული - სასჯელი დანაშაულზე მძიმე არ უნდა იყოს. თუ ნორმალურ, კანონმორჩილ მოქალაქეს ციხეში ჩასვამ, რაც თავისთავად კრიმინალისთვის საუკეთესო სკოლაა, იხდი ფულს იმაში, რომ ვიღაც, ვისაც არავისთვის არაფერი დაუშავებია, შესაძლოა, მხოლოდ თავისი თავისთვის, მაგრამ არა სხვისთვის, შეინახო ციხეში და როცა გამოვა, შესაძლოა, კრიმინალი მიიღო. ეს გინდათ?

მე არ მინდა, მაგრამ მთავრობა არ მეთანხმება... მარიხუანის ლეგალიზების ტალღა ძალას იკრებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე ოთხ შტატსა და ვაშინგტონის ოლქში ლეგალიზებულია. ამას ემატება ურუგვაი. როგორ ფიქრობთ, სადამდე წავა პროცესი, რა არის თქვენი პროგნოზი?

რთული სათქმელია, ყველა ქვეყანა, რომელიც სრულ ლეგალიზებას ახდენს, არა მხოლოდ შენახვას, არამედ წარმოებას და ვაჭრობას, არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებებს. იცით, ალბათ, რომ არსებობს 1961 წლის გაეროს შეთანხმება ნარკოტიკებზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნებს აკრძალვის ვალდებულება აქვთ. ურუგვაის პრეზიდენტი ყოფილი რევოლუციონერია...

- და მას არ ანაღვლებს...

კი, მას არ ანაღვლებს ეს კონკრეტული შეთანხმება. სასაცილოა, რომ მეკითხებით, იმიტომ, რომ მე ურუგვაის არა მრჩეველთა, არამედ შემფასებელთა საბჭოში ვარ და ვმუშაობ იმაზე, თუ რა შედეგი ექნება ამ საკანონმდებლო ცვლილებას. მას არ ანაღვლებს, რას ფიქრობენ ვენაში და ამტკიცებს, რომ ეს კარგია მისი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ამერიკას, ის ერთადერთი სუპერძალაა, მათ საერთაშორისო კონვენციებზე არდამორჩილების გარკვეული გამოცდილება აქვთ. ამასთან, ისინი ხშირად ეყრდნობიან ფედერალურ და საშტატო კანონმდებლობას შორის განსხვავებას, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც იცვლება და ამის მიზეზი...

- ეკონომიკაა?

ეკონომიკა მხოლოდ ნაწილობრივ. იმიტომ, რომ აკრძალვა ხარჯიანია. მთავარი მიზეზი ის არის, რომ კანაფი აკრძალულია, მაგრამ ამის მიუხედავად, თითქმის ყველა ქვეყანაში დაახლოებით 80%-მდე ადამიანებისთვის, რომლებიც 20-30 წლისანი არიან, ის სტანდარტული რეკრეაციული ნარკოტიკია, რომელსაც რეგულარულად, კვირაში ერთხელ ეწევიან - პარასკევს საღამოს. ან ორ ჭიქა ვისკის სვამენ, ან მარიხუანას ეწევიან. ტექნიკურად ყველა ეს ადამიანი კრიმინალია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნები თვალს ხუჭავენ აკრძალვის აღსრულებაზე.

ასე რომ, აკრძალვა არ მუშაობს. თუ აკრძალვის მიზანი მოხმარების შემცირებაა, ეს არ მუშაობს - ახლა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანაფის მოხმარება ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ასე რომ, მე ვფიქრობ, ახლა ექსპერიმენტების სტადიაზე ვართ, როდესაც უფრო გამბედავი ქვეყნები სხვა მიდგომას ეძებენ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი მოქალაქეები...

- კრიმინალებად ქცევისგან...

კრიმინალებად ქცევისგან და... რომ დავუბრუნდე კარიბჭის თეორიას. არსებობს ერთი ასპექტი, სადაც კარიბჭის თეორია მუშაობს, ოღონდ არა ბიოლოგიური მიმართულებით, არამედ სოციოლოგიური. თუ შეეგუები იმას, რომ კრიმინალი ხარ, აკრძალულ ნივთიერებას ყიდულობ და შედეგად არაფერი გემართება - ალბათობა იმისა, რომ დაგიჭერენ, ძალიან დაბალია, მათ შორის საქართველოში, ჩემს ქვეყანაში - კრიმინალური გარემოს წევრი ხდები და უფრო იოლი ხდება...

- გულისხმობთ, რომ ადამიანი დანაშაულის ჩადენას ეგუება.

კი, ეს ერთი და მეორე ის, რომ უფრო ხელმისაწვდომი ხდება სხვა ტიპის, უფრო მძიმე ნარკოტიკები, იმიტომ, რომ კრიმინალურ სამყაროში ტრიალებ. ასე რომ, ერთ-ერთი მიზეზი ლეგალიზაციის ისაა, რომ არ გინდოდეს კრიმინალის ჩამდენი ბევრი ადამიანი, რომელთათვისაც უფრო იოლად ხელმისაწვდომია მძიმე ნარკოტიკები. ურუგვაის შემთხვევაში პრობლემა ისიც იყო, რომ მარიხუანის კონტრაბანდა ხდებოდა პარაგვაიდან, მექსიკიდან. დანაშაულებრივ ჯგუფებთან გამკლავება ვერ შეძლეს, მაგრამ დაახლოებით იგივე გააკეთეს, რაც ამერიკაში მშრალი კანონის გაუქმებით მოხდა.

მშრალი კანონის შემოღებით ალკოჰოლის მოხმარება ოდნავ შემცირდა, მაგრამ შედეგად გაჩნდა ალ კაპონე და მაფია. აქაც იგივე მდგომარეობაა. რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს, გვერდითი მოვლენების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ საჭიროა...

- სწორი ანალიზი...

კი, გაანალიზო თითოეული ნაბიჯის შესაძლო შედეგი. როგორც ირკვევა, ამ ქვეყნებისთვის დანაშაულთან გამკლავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის კონტროლი, ვინ გასინჯავს მარიხუანას.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

კომენტარები