ლარის კურსის ვარდნა

ტყემალაძე: როცა ენმ აკრიტიკებს მთავრობას, მაშინაც ამოიღოს ხმა ქადაგიძემ

ზურაბ ტყემალაძე
ghn.ge

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ქადაგიძემ ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ნაბიჯის გადადგმა დააგვიანა. მისივე თქმით, ქადაგიძეს ხმა უნდა ამოეღო, როცა ენმ სიცრუეს ტირაჟირებდა.

"როცა მთავრობას აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობა და კიდე ტირაჟირება ხდება სიცრუის, მაშინაც ამოიღოს ქადაგიძემ ხმა, ხო კარგი იქნება და ობიექტური პოზიცია დაიკავოს. არავინ არ უშლის ქადაგიძეს ხელს აბსოლუტურად არაფერში.

პირიქით, არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ მთავრობასთან ერთად, რომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, რა თქმა უნდა, გარე ფაქტორებიდან გამომდინარე, მაგრამ გარე ფაქტორებთან ერთად ის სავალუტო რეზერვების გამოყენება, რომელიც აუცილებელია, ოპერატიულად, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, თავის დროზე უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რაც საჭიროა და ნაბიჯის გადადგმის დაგვიანებამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი აჟიოტაჟი", - განაცხადა ტყემალაძემ.

დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა.

სპეციალური ბრიფინგი ეროვნულ ბანკში გაიმართა. ქადაგიძემ გაიხსენა, რომ მან ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ღია თუ დახურულ შეხვედრაზე არაერთხელ თქვა, რომ არათანაბარი ხარჯვა გაცვლით კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებას ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირებს.

ქადაგიძე მოუწოდებს მთავრობასა და ქართულ ოცნებას, ეროვნულ ბანკზე თავდასხმა შეწყვიტონ, რადგან ის არა თავად ქადაგიძეს, არამედ ქვეყნის ეკონომიკას ურტყამს, ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია.

კომენტარები