საქართველოს ეკონომიკა

იანვარში საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე 10-ჯერ ნაკლები იყო

იანვარში მშპ-ს ზრდა 0.5%-ია
საქსტატი

2015 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა ბიუჯეტით დაგეგმილზე 10-ჯერ მცირე ტემპით გაიზარდა. იანვრის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 0.5% შეადგინა, ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2015 წლის ბიუჯეტით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ით არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყნაში შექმნილი სავალუტო შოკის გამო, მთავრობა მისი შემცირების მიმართულებით გადახედვას ფიქრობს. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, წელს საქართველოს ეკონომიკა სავარაუდოდ 2%-ით ან 2,5%-ით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა წელს მსოფლიოს ქვეყნების საშუალო ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლები იქნება. 

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს დაგეგმილზე 0.3%-ით ნაკლებად, 4.7%-ით გაიზარდა. ზრდის ტემპი მაქსიმალური წლის პირველ კვარტალში იყო, როდესაც მან 7.3% შეადგინა. თუკი 2015 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2% იქნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ვერ მოხდება დაგეგმილი რაოდენობით გადასახადების მობილიზება, რადგანაც ეკონომიკური აქტივობა შემცირებული იქნება.

ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან ინდიკატორს დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წარმოადგენს. ამ საწარმოთა ბრუნვის შემცირება ქვეყანაში ბიზნესაქტივობის შემცირების ერთ-ერთ ინდიკატორს წარმოადგენს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის იანვართან შედარებით 8-ჯერ არის შემცირებული დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის ზრდის ტემპი და ის იანვარში მხოლოდ 1.4%-ს შეადგენს. ეკონომიკურ ზრდაზე ექსპორტის 30%-ით შემცირებულმა მაჩვენებელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. 

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3%-ით არის განსაზღვრული. თუკი საქართველოს ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 1%-ით გაღარიბდება.

კომენტარები