კრიზისი უკრაინაში

მაკკეინმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა

Sojo.net

რუსეთი ქალაქ მარიუპოლის დაკავებას და ყირიმზე სახმელეთო დერეფნის გაჭრას გეგმავს. ამის შესახებ შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა. მისი აზრით, შეტევა პრორუსულმა ძალებმა შესაძლოა გაზაფხულზე წამოიწყონ. ქალაქ მარიუპოლში მტრის შესაძლო შეტევისთვის უკრაინელი მებრძოლებიც ემზადებიან. 

"ჩვენი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა დებალცევოსთან თავისი პოზიციები გაამაგრეს, ისინი აპირებენ შეტევას ჩვენს მიმართულებაზე და ჩრდილოეთით, ლუგანსკის მახლობლად. ეს ნიშნავს, რომ მარუიუპოლს ეს უშუალოდ შეეხება. წესით, მათ ქალაქი ვერ უნდა აიღონ. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რა ძალები აქვს განლაგებულ რუსეთს ჩვენს საზღვართან, აშკარაა, რომ გაზაფხული საკმაოდ ცხელი იქნება", - განაცხადა ბატალიონ აზოვის მებრძოლმა ანდრეი დიაჩენკომ.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა კიდევ ერთხელ მოითხოვა. მან დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს ამ საკითხისადმი ფრთხილი მიდგომის გამო უსაყვედურა.

"იდეა იმის შესახებ, რომ ვინმეს პუტინის პროვოცირება შეუძლია, არასწორია, მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. თქვენ მეუბნებით, რომ მას არ უნდა იმის გაკეთება, რასაც გააკეთებდა, იმ ადამიანებისთვის თავდაცვის საშუალება რომ მოგვეცა, რომლებსაც ახლა რუსეთი თანამედროვე შეიარაღებით კლავს", - განაცხადა ჯონ მაკკეინმა.

სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტის ახალი ტერმინალის ნანგრევებიდან უკრაინელ მებრძოლთა ცხედრები ამოიტანეს. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, ნაპოვნია შვიდი მებრძოლის ცხედარი. სეპარატისტული და რუსული წყაროები განსხვავებულ ციფრებს - 30-დან 70-მდე ასახელებენ.  ცხედრები უკრაინელ სამხედროებს გადაეცემათ. 

კომენტარები