პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში რესპუბლიკელები მონაწილეობას არ მიიღებენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა. ხმალაძის თქმით, მიზანშეწონილი არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული საკითხების ხვალ განხილვა. მან არ გამორიცხა, რომ სხდომაზე კვორუმი არ შედგეს და სხდომა ჩაიშალოს. 

"ახლა ამ ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა მართებულად არ მიგვაჩნია. ვგეგმავთ, რომ მომავალ კვირას ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები სამუშაო ფორმატში განვიხილოთ. ამის უფლებას ჩვენ კონსტიტუცია და რეგლამენტი გვაძლევს. იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს ამბობს, შემდგომ შეკრება ეს არის პარლამენტის უფლება და არა ვალდებულება, განსხვავებით საომარი და საგანგებო მდგომარეობისგან, როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთ დროს პარლამენტის წევრები ვალდებული არიან შეიკრიბონ და მუშაობა დაიწყონ" - აღნიშნა ხმალაძემ.

ხვალისთვის დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელებენ. 

კომენტარები