ბორის ნემცოვის მკვლელობა

პოლიციამ, სავარაუდოდ, აღმოაჩინა მანქანა, საიდანაც ნემცოვს ესროლეს

REN TV

რუსული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ აღმოაჩინა მანქანა, საიდანაც რუს ოპოზიციონერ ბორის ნემცოვს ესროლეს. როგორც REN TV იუწყება, მანქანა მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს. მანქანაზე ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

ავტომანქანა რუსული Lada Priora-ს ფირმისაა. რუსული მედიის ცნობით, მანქანას ინგუშური სანომრე ნიშნები აქვს.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს. როგორც ამბობენ, ნემცოვი ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად გადადიოდა, როდესაც მკვლელმა მანქანიდან ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი დაგმო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და დასძინა, რომ მკვლელობა შეკვეთილია.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. რუსული საგამოძიებო კომიტეტი მკვლელობის რამდენიმე მოტივს ასახელებს. მათ შორისაა, ისლამური ექსტრემიზმი და მსხვერპლის უკრაინასთან კავშირები. კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი და ნემცოვს მანქანა დაჰყვებოდა.

აღსანიშნავია, რომ კვირას, 1 მარტს ბორის ნემცოვი და ოპოზიცია უკრაინაში ომის წინააღმდეგ მარშს მართავდნენ. ნემცოვი რუსეთის აღმოსავლეთ უკრაინის ომში მონაწილეობას მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა. როგორც ბოლო ინტერვიუში ამბობდა, მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა, უკრაინაში ომზე მისი პოზიციის გამო.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. მისი თქმით, დამნაშავეები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯებიან. "ის იყო ხიდი უკრაინასა და რუსეთს შორის“, - თქვა პოროშენკომ ნემცოვზე.

ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოეხმაურნენ დასავლელი ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთს სწრაფი, ობიექტური და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

დიდი ბრიტანეთის პრეზიდენტმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ შოკირებულია მომხდარით და მანაც რუსეთს გამოძიებისკენ მოუწოდა.

ნემცოვი ბორის ელცინის პრეზიდენტობისას პრემიერმინისტრის მოადგილე იყო. მას იცნობდნენ, როგორც რეფორმატორს ეკონომიკაში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა, ნემცოვი ოპოზიციაში გადავიდა.

ნემცოვის მკვლელობის ადგილას მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ. ტელეკომპანია დოჟდის ინფორმაციით, ოპოზიციამ დაგეგმილი მარში გადადო.

კომენტარები