ბორის ნემცოვის მკვლელობა

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში მიმდინარეობს

EPA

მოსკოვის ცენტრში რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის პატივსაცემად სამგლოვიარო მარში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ათიათასობით ადამიანი დედაქალაქშია შეკრებილი. მსვლელობა ნემცოვის მკვლელობის ადგილას დასრულდება. დღეს ნემცოვი და ოპოზიცია უკრაინის ომში რუსეთის მონაწილეობის გამო საპროტესტო მარშის ჩატარებას გეგმავდნენ. ოპოზიციამ აღნიშნული აქცია გადადო.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვში, კრემლთან ახლოს 27 თებერვალს მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნემცოვი ხიდზე მეგობარ ქალთან ერთად გადადიოდა, როდესაც მკვლელმა მანქანიდან ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარი დაგმო, საქმე პირად კონტროლზე აიყვანა და დასძინა, რომ მკვლელობა შეკვეთილია.

ნემცოვის მოკავშირეები კი შემთხვევას პოლიტიკურ მკვლელობას უწოდებენ და უკრაინის ომზე პოლიტიკოსის მოსკოვისგან განსხვავებულ პოზიციას უკავშირებენ.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა რუსეთში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. რუსული საგამოძიებო კომიტეტი მკვლელობის რამდენიმე მოტივს ასახელებს. მათ შორისაა, ისლამური ექსტრემიზმი და მსხვერპლის უკრაინასთან კავშირები. კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით, მკვლელობა კარგად იყო დაგეგმილი და ნემცოვს მანქანა დაჰყვებოდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია მანქანა, საიდანაც ნემცოვს ესროლეს და მას ინგუშეთის სანომრე ნიშნები აქვს.

ნემცოვი ბორის ელცინის პრეზიდენტობისას პრემიერმინისტრის მოადგილე იყო. მას იცნობდნენ, როგორც რეფორმატორს ეკონომიკაში. მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა, ნემცოვი ოპოზიციაში გადავიდა.

კომენტარები