კრიზისი უკრაინაში

სააკაშვილი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ 99%-ით მიღებულია. ამის შესახებ უკრაინის მე-5 არხზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ვაშინგტონი მალე მიიღებს.

უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩმა ჯეფრი პაეტმა კი განაცხადა, რომ კონგრესმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის 120 მილიონი დოლარი გამოყო. ხოლო ერთადერთი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ განიხილება, არის ის, უნდა შევიდეს თუ არა ამ დახმარებაში ლეტალური შეიარაღება.

უკრაინული წყაროების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ არტილერიის და სხვა მძიმე შეიარაღების გამოყენებას განაგრძობენ. განსაკუთრებით აქტიურობენ სეპარატისტები დონეცკის მიდამოებში. ამ რაიონში მათი ტანკებიც არის შემჩნეული, რომლებიც, შეთანხმების თანახმად, ფრონტის ხაზიდან უნდა გაეყვანათ. 

კომენტარები