ბორის ნემცოვის მკვლელობა

მერია: ნემცოვის მკვლელობის ადგილზე სათვალთვალო კამერები გათიშული არ იყო

AFP

მოსკოვის მერია უარყოფს გამოცემა კომერსანტის ინფორმაციას, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები მკვლელობის მომენტში სარემონტო სამუშაოების მიზეზით გათიშული იყო. უწყების მტკიცებით, კამერების ჩანაწერები გამოძიებისთვის ხელმისაწვდომია. ამავე დროს, დაცვის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ მისი კუთვნილი კამერებით მკვლელობის მომენტი არ არის დაფიქსირებული, რადგან უწყების კამერები კრემლისკენ და არა ქუჩისკენ არის მიმართული.

მკვლელობის მომენტის ამსახველი ერთადერთი ჩანაწერი, რომელიც საჯარო გახდა, ტელეკომპანია ტევეცეს ვებკამერამ გადაიღო. ამ ჩანაწერზე მკვლელობის მომენტში შემთხვევის ადგილს თოვლის საწმენდი მანქანა ეფარება.

ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მარშზე დაკავებული 50 აქტივისტიდან უმეტესობა ღამით გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებებში დილით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. აქტივისტების ნაწილი ნაცემია. გათავისუფლებულია აქციაზე დაკავებული უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. მისი მტკიცებით, პოლიციელებმა მას სცემეს და მათთვის სასურველი ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. დეპუტატი უკრაინის საელჩოს გადასცეს, სასამართლო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სულ მარშში, ოპოზიციის მტკიცებით, 50-55 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის უსწრაფესი გამოძიებისკენ რუსეთს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აზრით, გარკვეული ნაციონალისტური წრეები რუსეთში შესაძლოა იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ სიტუაცია უკრაინაში სიმშვიდის ფაზაში გადავიდა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ღია და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, რაც ეჭვების გაფანტვის ერთადერთი შესაძლებლობაა.

კომენტარები