საყდრისი-ყაჩაღიანი

RMG GOLD: გადაწყვეტილება საწარმოს მიმდინარე საქმიანობისთვის დამაბრკოლებელი არაა

epn.ge

კომპანია RMG GOLD თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანია განმარტავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად ცნეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული აქტის ხელახლა გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის სადავო ბრძანება, რომელსაც დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება შეეხება, თავად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ უკვე გაუქმებულია 2014 წლის 12 დეკემბერს. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საწარმოს მიმდინარე საქმიანობისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას. კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა კანონიერია და სამთო-მოპოვებითი სამუშაოები გრძელდება 2014 წლის 12 დეკემბრის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებისა და მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე. რაც შეეხება კომპანიის პოზიციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აღნიშნული პოზიცია ჩამოყალიბდება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად ჩაგვბარდება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება", - ნათქვამია RMG GOLD-ის განცხადებაში.

კომენტარები