კრიზისი უკრაინაში

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა

გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატმა ახალი მონაცემები გამოქვეყნა, რომელთა თანახმად, კონფლიქტის დაწყებიდან აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა. 

"ბოლო ანგარიშის შემდეგ საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია მოხდა, განსაკუთრებით იანვარსა და თებერვლის დასაწყისში, რამაც ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის შემთხვევები გაზარდა. 2014 წლის აპრილიდან 2015 წლის 15 თებერვლამდე სულ მცირე 5 ათას 665 ადამიანი დაღუპა. სრული ანგარიში დაღუპულების შესახებ, განსაკუთრებთ დებალცევოს რაიონისა და დონეცკის აეროპორტიდან, ჯერ არ მიგვიღია. ჩვენი მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა", - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ივან სიმონოვიჩმა. 

სეპარატისტები ღამით ისევ პოზიციებზე აბრუნებენ მძიმე შეიარაღებას, რომელიც მინსკის შეთანხმების შესაბამისად ფრონტის ხაზიდან გაჰყავთ. ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა განაცხადა. გარდა ამისა, მისი თქმით, პრორუსულმა ძალებმა მარიუპოლის მიმართულებით საკუთარი ძალები დამატებითი ტექნიკით გაძლიერეს. დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა ცეცხლი 32-ჯერ გახსნეს, მათ შორის 14-ჯერ არტილერიიდან, რომელიც შეთანხმების მიხედვით გამყოფი ხაზიდან უნდა გაეყვანათ.

"ყველგან, სადაც სეპარატისტებს მძიმე ტექნიკა საჩვენებლად უკან გაჰყავთ, ის ან გადააქვთ იმ რაიონებში, სადაც შეტევას აპირებენ, ან იმავე ღამით ძველ პოზიციებზე აბრუნებენ. დონეცკის აეროპორტთან მძიმე შეტაკება მოხდა, თუმცა, ჩვენმა ძალებმა შეტევები წარმატებით მოიგერიეს, სეპარატისტებმა  დანაკარგებით უკან დაიხიეს. სამი მებრძოლი დაგვეღუპა და 15 დაშავდა", - განაცხადა ანტიტერორისტული ოპერაციის სპიკერმა ანდრი ლისენკომ.

კომენტარები