დავით საგანელიძე პარლამენტში

შესაძლოა, დავით საგანელიძემ დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე დატოვოს

fb/DavidSaganelidzeOfficial

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დეპუტატის მანდატი შესაძლოა, ვადაზე ადრე დატოვოს. გადაწყვეტილება დეპუტატმა მედიასთან ინტერვიუში გაახმაურა, თუმცა, ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

საგანელიძემ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გულგატეხილია, რადგან გუნდში ყველაზე მეტი პრობლემა იმ ადამიანებისგან ექმნება, რომელთაგანაც მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

საუბრობენ იმაზე, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე საგანელიძე მმართველ გუნდში მასსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის არსებული დაპირისპირების გამო ფიქრობს. არის თუ არა ეს მართლაც ასე, ამაზე თავად ზაქარია ქუცნაშვილი კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება ამ დაპირისპირებაში ქუცნაშვილის მხარდამჭერს დავით ლორთქიფანიძეს, ის თვლის, რომ დაპირისპირების ხარისხი იმდენად მაღალი არ არის, რომ უმრავლესობის ლიდერის თანამდებობა შეიწიროს.

სხვადასხვაგვარი ინფორმაცია აქვთ საგანელიძის გადაწყვეტილების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში. ზოგიერთი დეპუტატი ამბობს, რომ საგანელიძის პარლამენტიდან წასვლა სამომავლო გეგმაა და უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ იქნება. ზოგი დეპუტატი კი საგანელიძის მსგავსი სურვილის შესახებ ინფორმაციას სრულებით არ ფლობს.

საგანელიძის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო ოპოზიცია. ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე თვლის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე კომენტარი თავად საგანელიძემ უნდა გააკეთოს. თავისუფალ დემოკრატებში კი თვლიან, რომ მსგავსი გადაწყვეტილება, შესაძლოა, იმის კიდევ ერთი გამოხატულება იყოს, რომ უმრავლესობაში მენეჯმენტის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები არსებობს.

საგანელიძის პარლამენტიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია ერთი წლის წინაც ვრცელდებოდა. უმრავლესობის ლიდერი მაშინ ამბობდა, რომ ბიზნესში აპირებდა წასვლას. დატოვებს თუ არა ამჯერად დავით საგანელიძე საპარლამენტო მანდატს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

კომენტარები