კონკურსი ადგილობრივ თვითმმართველობებში

მონაწილეები თვითმმართველობების კონკურსებში დარღვევებსა და ნეპოტიზმზე საუბრობენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილმა სპეციალისტმა, მარინა ლაფაჩიშვილმა სამსახური თვითმმართველობებში გამოცხადებული საჯარო მოხელეთა კონკურსის შედეგად დაკარგა.

ტესტირებაში 60-დან 53 ქულა აიღო, გასაუბრების ეტაპს კი კომისიის 7 წევრიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა, მიუხედავად ამისა, ოქმში აღნიშნულია, რომ მისი დანიშვნის შესახებ კომისიის შვიდმა წევრმა იმსჯელა, აქედანან სამი მომხრე იყო, ოთხი კი წინააღმდეგი.

კანონდარღვევებზე საუბრობს ახალგორის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე სოსო წინამძღვრიშვილიც. მისი თქმით, ტესტირება და გასაუბრება წარმატებით გაიარა, მაგრამ დასაქმებაზე უარი მიიღო. წინამძღვრიშვილი აცხადებს, რომ ამის შემდეგ გამგებელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ მასთან თანამშრომლობა არ სურდა.

იურისტი ქეთევან შერვაშიძე კი ამბობს, რომ ტესტირებაში 60-დან 56 ქულა აიღო, გასაუბრებაზე კი მხოლოდ ერთი პროფესიული კითხვა დაუსვეს, თუ რა სასამართლო პროცესები ჰქონდა მოგებული, რაზეც მან ბოლო პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თბილისის მერის, დავით ნარმანიას ძმასთან მოიგო. შერვაშიძე ვარაუდობს, რომ კომისიას მისი სწორედ ეს პასუხი არ მოეწონა.

თბილისის მერიაში ბრალდებებს არ უპასუხეს. რაც შეეხება გურჯაანსა და ახალგორს, გამგებლები ტაბულასთან საუბრისას კონკურსის მონაწილეების ნათქვამს არ ადასტურებენ. გურჯანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გივი გერგიძე ამბობს, რომ რასაც ეს ადამიანები ნეპოტიზმს ეძახიან, ის ნეპოტიზმი არაა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ სოსო წინამძღვრიშვილი მას ორჯერ შეხვდა და ქრთამის შესთავაზა.

კომენტარები