ჯინოევი: თავად ხელისუფლება და ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო

ria.ru

საქართველოს მთავრობა უნდა გაერკვას საკუთარ შეფასებებსა და არსებულ რეალობაში - ამბობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი მურატ ჯინოევი. მისი თქმით, მაშინ, როდესაც თავად ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას დაუწყია ომი და ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან რუსეთის მიერ გაფორმებული შეთანხმება ანექსიისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, უსაფუძვლო და დამაბნეველია.

“რომც არ გავიხსენოთ ევროკავშირის ავტორიტეტული კომისიის დასკვნა, რომელსაც სათავეში ჰაიდი ტალიავინი ედგა და რომც დავივიწყოთ თავად ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობის განცხადებები, რა ვუქნათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ერთმნიშვნელოვან მტკიცებას, ვისი მეთაურობითაც ქართულმა ოცნებამ სააკაშვილის რეჟიმი გადააგდო და პრეზიდენტის სავარძლამდე მიიყვანა გიორგი მარგველაშვილი? 2012 წლის 24 ოქტომბერს ივანიშვილმა პარლამენტიში გამოსვლის დროს, სააკაშვილის მომხრეებისთვის მიმართვისას თქვა: ‘2008 წლის ომი დიდი პროვოკაცია იყო, რომელიც თქვენ და თქვენმა მეთაურმა დაგეგმეთ. ამის შესახებ ნათქვამია ტალიავინის დასკვნაში. ამას აღიარებენ ამერიკელებიც და ევროპელებიც’. შესაძლოა, მარგველაშვილისთვის სააკაშვილის სიტყვები უფრო მეტად დამარწმუნებელია. ალბათ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო უნდა გაერკვნენ საკუთარ შეფასებებსა და არსებულ რეალობაში”, - თქვა მურატ ჯინოევმა.

კომენტარები