თამარ კორძაია ქართულ ოცნებაში

ჟორჟოლიანი: ფრაქციის სხდომაზე თამარ კორძაიას სახელი იყო ნახსენები

https://www.facebook.com/gia.jorjoliani.37

ფრაქცია ქართული ოცნების წევრის გია ჟორჟოლიანის განმარტებით, თამარ კორძაიას ფრაქციაში ყოფნა-არყოფნის საკითხზე არ უმსჯელიათ. თუმცა, მისი თქმით, კორძაია გარკვეულ კონტექსტში ნახსენები იყო. 

"ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ფრაქციამ როგორ უნდა მიიღოს ერთობლივად გადაწყვეტილებები. თამარ კორძაიას სახელიც იყო იქ ნახსენები. პრინციპული საკითხების დროს გავარკვიოთ, ვის რა პოზიცია აქვს და ეს პოზიციები დავაფიქსიროთ ძალიან მკაფიოდ. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, მივიდეს იქამდე, რომ იმდენად იყოს განსხვავებული ეს პოზიციები, რომ შეუთავსებელი იყოს ასე დეპუტატების ერთ ფრაქციაში ყოფნა. კონკრეტულად მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თამარ კორძაიას საკითხი დადგეს, იყოს ფრაქციის წევრი თუ არა და ამაზე ფრაქციას ემსჯელოს, ასეთი რამ არ ყოფილა",- თქვა ჟორჟოლიანმა.

ცნობისთვის, ინტერპრესნიუსმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ თამარ კორძაიას ქართულმა ოცნებამ შესაძლოა, ფრაქცია დაატოვებინოს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია ქართული ოცნების წევრები ფრაქციის დახურულ სხდომებზე არ მალავენ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კორძაიას პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია არ მოსწონთ და განსხვავებული ხედვების გამო მისი ადგილი "სხვა ფრაქციაშია". "სხვა ფრაქციაში" კი, "რესპუბლიკელები" იგულისხმება.

როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოლსკიმ თანაფრაქციელებთან შეხვედრისას ღიად დააფიქსირა, რომ კორძაიას ფრაქციის დატოვებაზე დაელაპარაკება.

თავად თამარ კორძაიამ ტაბულას უპასუხა - "IPN-ს ჰკითხეთ, მე არაფერი ვიცი".

კომენტარები