ქართულმა ოცნებამ 2014 წელს 6 მლნ-ზე მეტი შემოწირულება მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 494 000 ლარის შემოწირულება მიიღეს. ყველაზე მეტი თანხა ქართული ოცნების სასარგებლოდ ჩაირიცხა. მმართველმა კოალიციამ 2014 წელს შემოწირელობის სახით 6 157 751 ლარი მიიღო.

მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 342 053 ლარით. მესამეზე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 299 819 ლარით.

სახელმწიფო აუდიტისს სამსახურის ინფორმაციით, მმართველ კოალიციას დეპუტატები, სხვა პოლიტიკოსები და ბიზნესმენები წირავდნენ, ასევე, ქართული ბანკის თანამშრომლები. მაგალითად, ქართულ ოცნებას თამაზ თამაზაშვილმა 3750 ლარი შესწირა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილმა 50 000 ლარი, ვალერი გელაშვილმა 60 000 ლარი შესწირა, შოთა ხაბარელმა 25 000 ლარი, გოგი თოფაძემ 60 000 ლარი, ზურაბ ტყემალაძემ 50 000 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძემ 50 000 ლარი, ნანა ყეინიშვილმა 25 000 ლარი, კარლო კოპალიანმა 10 000 ლარი, გიორგი ჟვანიამ 20 000 ლარი, ბიძინა გუჯაბიძემ 30 000 ლარი, ზვიად ძიძიგურმა 30 000 ლარი, ნინო გოგუაძემ 7000 ლარი, გიგა ბუკიამ 30 000 ლარი, ვახტანგ ხმალაძემ 200 ლარი და სხვ.

რაც შეეხება ენმ-ს, დეპუტატები პარტიას ძირითადად 100-100 ლარს ურიცხავდნენ,  ბიზნესმენმა კახა ბენდუქიძემ კი, (რომელიც ნოემბერში გარდაიცვალა) რამდენჯერმე ჩარცხა 5555 ლარი ენმ-ის ანგარიშზე.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემწირველები კი, ნინო ბურჯანაძე (30 000 ლარი) და ბიზნესმენი ფრიდონ ინჯია არიან.

კომენტარები