ქრთამის აღება

საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი მიხეილ ქვირია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - იუწყება შსს.

ქვირიას დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

კომენტარები