პურის გაძვირება

კერესელიძე: არის ხორბლის საკმარისი მარაგი, რათა პურზე ფასმა არ მოიმატოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნოდარ კერესელიძის განმარტებით, "დღეს ქვეყანაში არის საკმარისი ხორბლის მარაგი იმისთვის, რომ არ მოხდეს პურის ფასის მომატება". მისი თქმით, კომპანია "იფქლმა" პურის ორ სახეობაზე ფასი თვითნებურად გაზარდა.

"ეს არის ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ თვითნებურად გაზრდილი ფასი თავის მიერ ნაწარმოებ პროდუქციაზე, რაც ნამდვილად არ ვრცელდება სხვა მწარმოებლებზე. ეს არ არის ტენდენცია. დღეს ქვეყანაში არის საკმარისი ხორბლის მარაგი იმისთვის, რომ არ მოხდეს პურის ფასის მომატება. ასევე იცით, რომ სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებზეც არ გაზრდილა ფასი, რამაც ასევე გავლენა არ უნდა იქონიოს პურის ფასის მატებაზე. ასე რომ, ჩვენ არ ველოდებით ამ მხრივ რაიმე ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ლარის კურსის დევალვაცია მოქმედებს ზოგადად ეკონომიკასა და წარმოებაზე, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს და კონტროლს ხორბლის მარაგებზე. ასევე ჩვენ ვცდილობთ, იმპორტის დივერსიფიცირების კუთხით გავააქტიუროთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად ვეცადოთ სხვა ქვეყნებიდანაც განვახორციელოთ ხორბლის იმპორტი და დავასტაბილუროთ ფასი. ფასი გაიზარდა იქედან გამომდინარე, რომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი დააწესა, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ფასზე. ამიტომ, ეს მონიტორინგის კუთხე და იმპორტის დივერსიფიცირება არის ის საკითხები, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ მოხდეს რაიმე ცვლილებები პურის ფასზე", - განაცხადა კერესელიძემ.

კომენტარები