საქართველოს ეკონომიკა

ჯაფარიძე: ეს მთავრობა ვეღარასდროს დაიბრუნებს ინვესტორების ნდობას

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს მთავრობა ინვესტორების ნდობის დაბრუნებას ვეღარ შეძლებს. დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეკონომიკაზე ისაუბრა.

"მესამე წელია, უკვე ზედიზედ ვერ სრულდება ბიუჯეტი, მცირდება სამუშაო ადგილები, შემცირდა ოჯახების შემოსავლები, გაჩერდა ეკონომიკა, იანვარში პრაქტიკულად არ არის ეკონომიკის ზრდა, ლარის გაუფასურებამ გააღარიბა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და სახეზე გვაქვს ეკონომიკური კრიზისის ძალიან ბევრი ნიშანი, ეკონომიკა იზრდება ორჯერ უფრო ნელა, ვიდრე იზრდებოდა 2012 წლამდე და, შესაბამისად, თუ 7%-იანი ზრდის შემთხვევაში ევროპულ განათლების დონეს, ევროპულ ჯანდაცვის დონეს დავეწეოდით 20-30 წლის შემდეგ, ახლა 2-4%-იანი ზრდით დაგვჭირდება 60-80 წელი და შეიძლება მეტიც", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ბოლო სამ წელიწადში საქართველომ დაკარგა 4 მილიარდ ლარზე მეტი.

"ეს ნიშნავს ათობით ათასი ადამიანის დაკარგულ სამუშაოს და ასობით მილიონ დაკარგულ შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის. 2015 წლის სექტემბრიდან დაგეგმილი 10-ლარიანი პენსიის მატება შეჭამა ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ სურსათსა და წამლებზე. ქვეყნის ეკონომიკა მიდის უკან და ინვესტორების მხრიდან ინტერესი სულ უფრო კლებულობს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს სამუშაო ადგილებს, ეს მთავრობა სამწუხაროდ ვეღარასდროს ვეღარ შეძლებს, რომ დაიბრუნოს ინვესტორების ნდობა. გაიზარდა საარსებო მინიმუმი და უკვე 160 ლარზე მეტია, დღევანდელი პენსია აღარ არის საკმარისი პენსიონერისთვის საარსებო მინიმუმში შემავალი პროდუქტების პაკეტის შესაძენად. არასწორი პოლიტიკის შედეგები არის კატასტროფული. 2014 წელს ამუშავდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში შემოსულიყო ახალი ინვესტიციები და შექმნილიყო ახალი სამუშაო ადგილები და მეტი პროდუქცია გაგვეტანა ევროკავშირში, შარშან, ბოლო კვარტალში ევროკავშირში ექსპორტი შემცირდა 31%-ით, მნიშვნელოვნად გაუარესდა ტურისტული გარემო, მათ შორის, უაზრო სავიზო რეჟიმის შემოღების გამო, 2014 წელს ვიზიტორების რაოდენობა პრაქტიკულად არ გაზრდილა და წელს იანვარ-თებერვალში გვაქვს მნიშვნელოვანი კლება, არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო, იმის გამო, რომ გაუარესდა საინვესტიციო გარემო ენერგეტიკულ სექტორში, უახლოეს მომავალში გარდაუვალია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, და ამას რაც მალე ეტყვით მოსახლეობას, მით უკეთესია", - განაცხადა ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ საქართველომ დაკარგა ორი წელი იმისთვის, რომ შეექმნა ახალი ენერგეტიკული სიმძლავრეები.

"ყველა ელექტროსადგურის მშენებლობა წინა ხელისუფლებამ დაიწყო. ახალი პროექტები არ დაწყებულა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ენერგეტიკული პრობლემები გვექნება უახლოეს მომავალში. მთავრობა აპირებს ბიუჯეტის სეკვესტრს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი ეკონომიკისთვის, ეს არის გამოსავალი მთავრობისთვის. საჭიროა გაცილებით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ჩვენ შემოგთავაზეთ ანტიკრიზისულ გეგმაში. მათ შორის, ახლა სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგი - თვის ბოლომდე ბიზნესებს უწევთ მოგების გადასახადის გადახდა და ყველამ იცის და მათ შორის მთავრობამაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ბიზნესებს წელს ვერ ექნებათ ისეთივე მოგება, როგორიც შარშან, შესაბამისად, მათ მოუწევთ ტყუილად სახელმწიფოს გადაუხადონ რაღაც ფული, რომელიც მათ არ აქვთ. ამიტომ, სასწრაფოდ, პარლამენტმა უნდა დაავალოს მთავრობას, რომ გადაუვადოს მოგების გადასახადი ამ ბიზნესებს ან გაუწეროს დროში, სხვა შემთხვევაში, თქვენ ბიზნესს ჩააყენებთ უმძიმეს მდგომარეობაში და დატოვებთ საბრუნავი სახსრების გარეშე და ეს კიდევ უფრო გააუარესებს ეკონომიკის მდგომარეობას და ბოლოს, წელს, მსოფლიო ბანკის გათვლებით, მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 3%-ით, ამ დროს, საქართველოში ეკონომიკა კარგ შემთხვევაში, როგორც მთავრობა გვპირდება, შეიძლება გაიზარდოს 2%-ით, თუმცა ყველანაირი გათვლა არსებობს იმისათვის, ვივარაუდოთ, რომ წელს ეკონომიკური ზრდა საქართველოს არ ექნება და შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის ვარდნა, წელს პირველად ბოლო წლებში, თუ არ ჩავთვლით 2009 წლის ზრდას, როდესაც იყო შედეგები რუსეთის სამხედრო აგრესიისა, საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება უფრო ნელა, ვიდრე გაიზრდება მთელი მსოფლიო. ანუ, მივჩანჩალებთ სადღაც ბოლოში და ამას უნდოდა მოხერხება მთავრობის მხრიდან, რომ ამისთვის მიეღწია 2 წელიწადში, მარტო ეს, ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, არის საკმარისზე მეტი იმისათვის, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები