საქართველოს პარლამენტი

კახიანი - შესაძლოა პარლამენტში ოჩიაურის ადგილი ლევან თარხნიშვილმა დაიკავოს

საქართველოს პარლამენტი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოგი ოჩიაორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვა შეუწყდეს უფლებამოსილება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. კახიანის ინფორმაციით, ოჩიაურის ადგილმონაცვლე ლევან თარხნიშვილია და შესაბამისად, თუ ოჩიაური პარლამენტს დატოვებს, მის ადგილს სწორედ ეს უკანასკნელი დაიკავებს.

„ბატონი გიორგი ოჩიაური ძალიან იშვიათად ესწრებოდა პარლამენტში პლენარულ სხდომებს, როგორც ჩანს ამის მიზეზი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემოსული არის დღეს მისი განცხადება, რომლითაც ითხოვს მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას და მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

ბუნებრივია, ამ საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი შეისწავლის მის განცხადებას და მიღებული იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება.

პროცედურულად, თუ მას შეუწყდა უფლებამოსილება, ამის შემდგომ უკვე დგება ადგილმონაცვლის საკითხი, ვინაიდან ბატონი გიორგი იყო პროპორციული წესით, პარტიული სიით არჩეული პარლამენტის წევრი, მის ადგილს პარლამენტში დაიკავებს მისი ადგილმონაცვლე, ჩემი ინფორმაციით, ეს არის ლევან თარხნიშვილი", - განაცხადა კახიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ოჩიაური 88 წლის არის, ის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"-ისა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრია. ლევან თარხნიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სიის 37-ე ნომერი იყო.

დღესვე პარლამენტმა კენჭი უყარა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, დავით საყვარელიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საყვარელიძეს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე შეცვლის.

კომენტარები