დღესასწაულები

ქალობა თუ დედობა?

გია ნოდია
0 კომენტარი

მარტის დასაწყისი ორი „ქალური“ დღესასწაულის პერიოდია, რომელთა შორის გარკვეული იდეოლოგიური დისონანსი არსებობს. ლიბერტარიანელების უმრავლესობა ორივეს სარკასტულად უყურებს, როგორც ხელოვნურ, მთავრობების ან იდეოლოგიური ელიტების მიერ თავსმოხვეულ ღონისძიებებს, თუმცა 8 მარტის მიმართ მეტ ანტაგონიზმს გამოხატავს მისი კომუნისტური ძირების გამო. ფემინისტი მემარცხენეები, პირიქით, კბილებით იცავენ „ქალთა საერთაშორისო დღის“ ლეგიტიმურობას („მერე რა, რომ კომუნისტურია“), მაგრამ ეჭვის თვალით უყურებენ „დედის დღეს“, როგორც არც ისე სახიფათო, მაგრამ მაინც კონკურენტს.

მე გარკვეული სიმპათია მაქვს ლიბერტარიანული არგუმენტის მიმართ: მთავრობამ (ან პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფმა) რატომ უნდა დაგვიდგინოს, როდის რა ვიზეიმოთ. ცხადია, „დედის დღე“ ხელოვნური დღესასწაულია: ჩვენში ის კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი მიმწუხრის ჟამს შემოიღო, როცა საკუთარი კომუნისტურობა უკვე ეთაკილებოდა და ცვლილებებისთვის მზაობა უნდოდა ეჩვენებინა. მაგრამ ასეთმა დღესასწაულმაც შეიძლება ფეხი მოიკიდოს და მისი აღნიშვნა ჩვევად იქცეს. გარკვეული რელიგიების გაბატონებაც ხომ საუკუნეების წინ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს დღევანდელ ადამიანებს, ამ რელიგიებს გულწრფელად მისდიონ. ასე რომ, ხელოვნურობის არგუმენტს (რომელიც ორივე თარიღს თანაბრად ეხება) გვერდზე გადავდებ და შინაარსზე გავამახვილებ ყურადღებას. რის ზეიმს აქვს მეტი აზრი, ქალობის თუ დედობის?

ამ შემთხვევაში სრულიად ცალსახა პასუხი მაქვს: დედობის ზეიმი აზრიანია, ქალობის - არა. მთავარი არგუმენტი მარტივია: სქესი ჩვენგან დამოუკიდებლად გვაქვს, ის ბუნებამ მოგვანიჭა, რომ სიცოცხლის გასაგრძელებლად სხვადასხვა ფუნქცია შევასრულოთ. რაკი ადამიანები ანუ თავისუფალი და გონიერი არსებები ვართ, ჩვენს არსებობას, ბიოლოგიურის გარდა, მრავალი სხვა ფუნქციით ვამართლებთ. შეიძლება სულაც უარი ვთქვათ სიცოცხლის გაგრძელების პროექტში მონაწილეობაზე და სხვა რამ სასარგებლო გავაკეთოთ. აგერ, გენდერის კატეგორიაც მოვიფიქრეთ, რომელიც, სქესისგან განსხვავებით, „სოციალურად კონსტრუირებულია“ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს). მაგრამ სქესთა შორის განსხვავების საწყისი მაინც ისაა, რაც ვთქვი. ზოგს დაბადებიდან პენისი აქვს, ზოგს - ვაგინა. რატომაა ეს საზეიმო?

დედობის ზეიმსაც შეიძლება მსგავსი არგუმენტით შეეწინააღმდეგო. დედობის ხაზგასმას ქალობა თითქოს ბიოლოგიურ ფუნქციაზე დაჰყავს, ამით მშობიარობის უნარს მივიჩნევთ ქალობაში ყველაზე მნიშვნელოვნად და მის სხვა მხარეებს ვამცირებთ.

ისევ არასწორია. ქალი, რომელიც შვილს აჩენს, ამას პიროვნული გადაწყვეტილებით აკეთებს: ეს განასხვავებს ყველა სხვა სახეობის მდედრისგან. განსაკუთრებით, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა კარგად ისწავლეს, როგორ მიიღონ სექსისგან სიამოვნება ისე, რომ ბავშვის გაჩენასა და აღზრდასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს თავი აარიდონ. დედობა არჩევანი და შრომაა, განსხვავებით უბრალოდ ქალობის (ან კაცობისგან). ამიტომ დედობის ზეიმი - ეს არის ამ არჩევანის და შრომის აღიარება და დაფასება. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს აღიარება და დაფასება ყოველდღიური უნდა იყოს, მაგრამ ვერც იმაში ვხედავ რაიმე ცუდს, თუ რომელიღაც კონკრეტულ დღეს სპეციალურად ამისთვის გამოვყოფთ.

დედის დღის საწინააღმდეგოდ ასეთი არგუმენტიც მოჰყავთ: რა ქნან იმ ქალებმა, ვისაც შვილები არა ჰყავთ (სულერთია, ობიექტური მიზეზით თუ სურვილით)? მათ წინააღმდეგ დისკრიმინაცია არ გამოდის? ამ ლოგიკით, მეთევზის დღეს არამეთევზეებმა დაჩაგრულად უნდა ვიგრძნოთ თავი? თუ ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლის დღე კონვენციური სექსის მიმდევრების წინააღმდეგ დისკრიმინაციაა? ყველას ჰყავს ან ჰყოლია დედა, და ადამიანთა დიდ უმრავლესობას ის ძალიან უყვარს. რატომ არ უნდა გამოხატონ ადამიანებმა დედის მიმართ მადლიერება და სიყვარული - ნებისმიერ მომენტში თუ რომელიღაც სპეციალურად გამოყოფილ დღეს? თუ კონკრეტულ ქალებს (ისევე როგორც კაცებს) რაღაც სხვა მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით, რის გამოც აღიარებას და დაფასებას ელიან, ამისთვის სხვა დღეები გვქონდეს.

ახლა 8 მარტის თემას დავუბრუნდეთ. ცხადია, ვინც ეს თარიღი ჩაიფიქრა, ქალობის ფიზიოლოგიური არსის ზეიმი კი არ სურდა, არამედ თვლიდა, რომ ქალი ზოგადად ჩაგრულია და ამ დღეს მის ემანსიპაციაზე უნდა ვიფიქროთ. გასაგებია. მაგრამ, თუმცა ქალის და კაცის თანასწორობის მომხრე ნამდვილად ვარ, ასეთი დღის არსებობა ობიექტურად უთანასწორობის დამამკვიდრებელი უფრო მგონია, ვიდრე პირიქით.

ამას ჩემი საბჭოური ბავშვობა და ახალგაზრდობაც მაფიქრებინებს. 8 მარტის აღნიშვნა (გარდა რიტუალური საჩუქრების და, ხანდახან, ალკოჰოლური სასმელების მირთმევისა, უმეტესად მამაკაცების მიერ), ჩვეულებრივ გულისხმობდა (თუმცა მაშინ ეს სიტყვები არ ვიცოდით) გენდერული როლების ერთდღიან შეტრიალებას. ქალები ამბობდნენ: მოდი, ამ ერთ დღეს ჩვენ ვიყოთ უფროსები, მოდი, ამ ერთ დღეს თქვენ იარეთ ჩვენ ჭკუაზე. თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა როლების ეს ცვლა, სხვა საკითხია, მაგრამ კაცები ამ თამაშში მონაწილეობას ხშირად იღებდნენ - იმიტომ რომ იცოდნენ, რომ თამაშია.

ცხადია, ასეთი კარნავალური „შეტრიალება“ მხოლოდ შეგვახსენებდა, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსია, ქალი კი წელიწადში 364 დღე უნდა დაემორჩილოს. რა ჩანაფიქრიც არ უნდა ჰქონოდათ კლარა ცეტკინს თუ როზა ლუქსემბურგს, კომუნისტურ ქვეყანაში, სადაც მე ვცხოვრობდი, 8 მარტი იყო ქალის ზეიმი, რომელიც მის უთანასწორობას უსვამდა ხაზს (დაახლოებით ისე, როგორც მანდილოსნების სადღეგრძელო ტრადიციულ ქართულ სუფრაზე).

ამის მიზეზი ის არ იყო, რომ 8 მარტს არასწორად ვზეიმობდით, რომ „ცნობიერების ამაღლება“ გვაკლდა. კომუნისტებმა რომ იცოდნენ „ცნობიერების ამაღლება“, მტრისას. არა, პრინციპულად შეუძლებელია, 8 მარტი, როგორც საყოველთაო-სახალხო ზეიმი, ქალთა უთანასწორობის იდეის დამამკვიდრებლად არ იქცეს. თუ მათ, ვინც თვლის, რომ ქალთა უფლებების დაცვა პრიორიტეტული ამოცანაა, სურთ სპეციალური დღე, როცა თავის დღის წესრიგს უფრო აქტიურად შეახსენებენ საზოგადოებას, კი ბატონო. მაგრამ ეს მათი დღე უნდა იყოს და არა ზოგადად ქალების.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები