კრიზისი უკრაინაში

სააკაშვილი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აშშ-ის უსაფრთხოებას სჭირდება

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის სენატში მოხსენებით წარსდგა. მან საუბრისას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"უკრაინა და საქართველო ფრონტის ხაზზე იბრძვიან, რაც შესაძლოა, აქედან ძალიან შორეულად ჩანს, მაგრამ უკრაინა არის ის, რაც დგას ამერიკისა და რუსეთის აგრესიას შორის. უკრაინას აქვს უფლება მიისწრაფვოდეს დასავლური ინტეგრაციისკენ. უკრაინა ამ უფლებისთვის ქუჩაში გამოვიდა. უკრაინის მხარდაჭერა - იარაღის მიწოდების ჩათვლით, რაც საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად სჭირდებათ და მხარდაჭერა, რომ ააშენონ სიცოცხლისუნარიანი, ძლიერი, უკრაინული დემოკრატია და სახელმწიფო - ამერიკული უსაფრთხოებისთვის ახლა აუცილებელია.

პუტინის მმართველობის საგზაო ნიშნები არის მისი კრიტიკოსებისა და ოპონენტების საფლავები. მისი მმართველობის წლები შეიძლება, გაიზომოს ფედერალიზაციის, უფლებების, თავისუფლებების, შესაძლებლობების უკუსვლით. მას სურს გაზარდოს კონტროლი რუსეთსა და რუსულენოვან სამყაროზე.

1999 წლის სექტემბერში, როგორც FSB-ს ხელმძღვანელმა, ჩეჩნეთში ჯარისკაცები გაგზავნა. სამი თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი იყო. 2008 წელს საქართველოში შემოიჭრა.

პუტინის სამხედრო ექსკურსიები ყოველთვის პრელუდიაა მისი პერსონალური ძალაუფლების ცენტრალიზაციისკენ. ამან რუსეთი არაპროგნოზირებადი გახადა, ხოლო ევროპა და აშშ ნაკლებად დაცული ეკონომიკური და სამხედრო კუთხით.

არ ვიცით, რა მოჰყვება უკრაინაში შეჭრას. ერთი წლის წინ, როდესაც პრეზიდენტ იანუკოვიჩის კორუფციული რეჟიმი დაემხო, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმში შეიჭრნენ. მოსკოვმა მოგვიანებით ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია გამოაცხადა. რუსმა სამხედროებმა და დაზვერვის თანამშრომლებმა არეულობა დაიწყეს უკრაინაში, დონბასის რეგიონში, რაც გადაიზარდა ომში, რომელშიც ათიათასობით რუსი სამხედროები მონაწილეობენ. 

რუსეთის მონაწილეობა ომში გაიზარდა, მას შემდეგ, რაც მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. 2014 წლის სექტემბერში პრეზიდენტმა პოროშენკომ კონგრესს მიმართა და თავდაცვითი დახმარება სთხოვა. აშშ-სთან ორმხრივ შეხვედრებში, უკრაინელ მაღალჩინოსნებს არაერთხელ უთხოვიათ თავდაცვითი იარაღები და დახმარება. ქვეყანას მიაწოდეს არალეტალური საშუალებები, როგორიცაა რადარები, ტყვიაგაუმტარი ტანსაცმელი და სხვა აღჭურვილობა.

მაგრამ რაც უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს, ლეტალური იარაღია - განსაკუთრებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, რაც წინასწარ შეაჩერებს რუსეთს. როდესაც რუსეთმა იცის, რომ ტერიტორიის დაკავებისთვის ძალიან მცირე ფასი ექნება გადასახდელი, ის დაიკავებს ტერიტორიას. 

ლეტალური იარაღის არმიცემის არგუმენტები საქართველომ კარგად იცის: 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს იარაღის შესყიდვა დეფაქტო აუკრძალეს. ჩვენ არ შეგვეძლო გვეყიდა სათადარიგო ნაწილებიც კი ჩვენი ამერიკული იარაღებისთვის.

ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება რუსეთის სამხედრო ჩართულობას გაზრდის და კონფლიქტის ესკალაცია მოხდება, მაგრამ ადეკვატურ ძალას შეუძლია აგრესიის შეჩერება.  

უკრაინა უნდა რეფორმირდეს. დღეს შეიარაღების მიწოდებაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ამის გარეშე ქვეყანა ხელმეორედ აშენებას ვერ შეძლებს", - მიმართა სენატს სააკაშვილმა.

კომენტარები