საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

კვირიკაშვილი: მთავრობა არ იზიარებს ჯავახიშვილის განცხადებას IMF-ის მოსყიდვაზე

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა არ იზიარებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ნაციონალების მოსყიდულია".

"მთავრობა არ იზიარებს განცხადებას იმის თაობაზე, რომ სავალუტო ფონდის მისია შეიძლება მოსყიდული იყოს ვინმეს მიერ, ეს არ არის მთავრობის განცხადება. ჩვენ ვთვლით, რომ სავალუტო ფონდი არის უმნიშვნელოვანესი საერთაშოისო ინსტიტუტი და საქართველოს პარტნიორი, რომლის რჩევებიც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - თქვა კვირიკაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებას გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი გამოეხმაურა.

"საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა ბრალდება სრულიად ყალბია", - ასე უპასუხა გრიფიტსმა ტაბულას კითხვას, რომ მთავრობის წარმომადგენლები სავალუტო ფონდის მისიას კორუფციაში ადანაშაულებენ.

კომენტარები