გადასახადები

ხადური: მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადებს არ გავზრდით

ტაბულა

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს. ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სამთავრობო ხარჯები უნდა შემცირდეს, ხოლო გადასახადები გაიზარდოს.

"თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომლის გარშემოც ყალიბდება ახალი რეალობა, ფისკალური პოლიტიკა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს, არ შემცირდება არც კაპიტალური და არც სოციალური ხარჯები", - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ ხარჯების შემცირების გეგმაზე მთავრობა მუშაობს.

"დღეს მთავრობის სხდომაზეც გვექნება განხილვა. ყველა სამინისტრო წარმოადგენს თავის წინადადებას ფინანსთა სამინისტროში და ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გააწყვეტილებას", - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, მთავრობას არ შეუძლია ახალი სახელმწიფო გადასახადის შემოღება რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. ასევე საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი. მთავრობას რეფერენდუმის გარეშე მხოლოდ აქციზის გადასახადის გაზრდა შეუძლია, რასაც საქართველოს დღევანდელი მთავრობა აქტიურად იყენებს. პირველი იანვრიდან სიგარეტზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, პირველი მარტიდან კი - ლუდის აქციზის.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზად გადასახადების შემცირებას მიიჩნევს.

კომენტარები