კრიზისი უკრაინაში

ნულანდი: რუსეთი უკრაინაში ომს აფინანსებს, უზრუნველყოფს, მეთაურობს, აკონტროლებს

topnews.in

სენატში გამართულ მოსმენაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორიას ნულანდმა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში ღიად მონაწილეობაში დაადანაშაულა.

"იქ ათასობით რუსი ჯარისკაცია. დეკემბრიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინაში შეიყვანა ასეულობით ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის - ტანკები, ჯავშანმანქანები, სარაკეტო სისტემები, მძიმე არტილერია. რუს სამხედროებს აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი აქვთ საკუთარი სტრუქტურა, გენერლებიდან დაწყებული უმცროსი ოფიცრებით დამთავრებული. რუსეთი ამ ომს აფინანსებს, უზრუნველყოფს, მეთაურობს და აკონტროლებს. ჩვენ მოსკოვს მკაფიოდ ვაგრძნობინეთ, რომ უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაზეა პასუხისმგებელი", - განაცხადა ნულანდმა.

კიევის ინფორმაციით, რუსი ინტერვენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ ცეცხლი 40-ჯერ გახსნეს, მათ შორის 17-ჯერ არტილერიის გამოყენებით. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დონეცკის მიმართულებით შეიქმნა. სეპარატისტებმა ასევე მარიუპოლთან სოფელ შიროკინოს დაკავება უშედეგოდ სცადეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღაროს აფეთქების შედეგად დაღუპულ მაღაროელთა რაოდენობამ 33 შეადგინა, 23 ცხედარი ნაპოვნია. სეპარატისტები უკრაინელი მაშველების დახმარებაზე უარს ამბობენ.

კომენტარები