სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

მერკელი: თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდა, დამატებითი სანქციებისთვის მზად ვართ

ანგელა მერკელი
JOHANNES EISELE / AFP

იმ შემთხვევაში, თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდა, ევროპა მზადაა, რუსეთს დამატებითი სანქციები დააკისროს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

"ერთი რამე ცხადია, თუ მინსკის შეთანხმება არ იმუშავებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროკომისია მზად არიან, დაიწყონ მუშაობა ახალ სანქციებზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთთან საზღვარს გააკონტროლებენ და ეს არის ჩვენი მიზანი", - განაცხადა მერკელმა.

კიევის ინფორმაციით, რუსი ინტერვენტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას კვლავ განაგრძობენ. გასული დღე-ღამის განმავლობაში მათ ცეცხლი 40-ჯერ გახსნეს, მათ შორის 17-ჯერ არტილერიის გამოყენებით. ყველაზე მძიმე მდგომარეობა დონეცკის მიმართულებით შეიქმნა. სეპარატისტებმა ასევე მარიუპოლთან სოფელ შიროკინოს დაკავება უშედეგოდ სცადეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღაროს აფეთქების შედეგად დაღუპულ მაღაროელთა რაოდენობამ 33 შეადგინა, 23 ცხედარი ნაპოვნია. სეპარატისტები უკრაინელი მაშველების დახმარებაზე უარს ამბობენ.

კომენტარები