ოპერაციული სისტემა

საქართველოს მთავრობამ Microsoft-თან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა

youthhealthmag.com

დღეს საქართველოს პრემიერმინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Microsoft-ის კორპორაციულმა ვიცეპრეზიდენტმა დონ გრეჰემმა სრულმასშტაბიან სალიცენზიო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების შედეგად ცენტრალური ხელისუფლებისა და სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ამ ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების უზრუნველყოფას Microsoft-ი მოახდენს. საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა იქნება, რომელიც Windows-ის ლიცენზირებულ ვერსიას გამოიყენებს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სალიცენზიო ხელშეკულების ღირებულება დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს, რის დაფარვასაც საქართველოს მთავრობა ლიზინგით გეგმავს. 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ ნაბიჯით საქართველო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლურ სტანდარტებს დაამკვიდრებს. აქვე ირაკლი ღარიბაშვილი დასძენს, რომ საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის საავტორო უფლებების დაცვის მიმართულებით სავალალო ადგილი უჭირავს. პრემიერის თქმით, 2010 წელს საქართველოს მაჩვენებელი პროგრამული უზრუნველყოფის ავტორიზაციის გარეშე გამოყენების კუთხით 95%-ს შეადგენდა, რაც სავალალო მონაცემს წარმოადგენს. 

საქართველოს მიერ ოფიციალური ლიცენზირებული პროგრამების საჯარო სექტორში სრულმასშტაბიანი დანერგვა ქვეყნის რეიტინგს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მიმართულებით გააუმჯობესებს.

კომენტარები