მთავრობის სხდომა

პრემიერი: გამგებლებსა და მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ არიან ხელშეუხებლები

facebook.com/GaribashviliOfficial

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს, მერებსა და გამგებლებს მიმართა და უთხრა, რომ შეუსრულებელ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.

"მინისტრებს მოგიწოდებთ გააქტიურებისკენ კიდევ ერთხელ და შეგახსენებთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა შევასრულოთ ყველა დაწყებული პროექტი, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის მიხედვით. ასე რომ, ეს იქნება გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებსაც, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები და მათი განრიგი. ზოგადად, რაც მე მესმის ეს არის ის, რომ გამგებლებსა და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებლები. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ძალიან ცდებიან იმიტომ, რომ მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ და ხალხის მიმართ. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, თუ ისინი არაეფექტურები არიან და დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ. აუცილებლად მოხდება მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. მე მინდა, ყველამ გაითვალისწინოთ ეს - მინისტრებმა, მერებმა, გამგებლებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს არაეფექტურობა ყურადღების მიღმა დარჩეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

კომენტარები