საქართველოს მთავრობა

ხადური: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ათვისება არ ხდება

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მოსთხოვა, დეტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელი რაიონები არ/ვერ ხარჯავენ თანხებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხადურმა თქვა, რომ დახარჯვის მიმართულებით "მნიშვნელოვანი არ არის ჩამორჩენა თანხობრივად".

"თუმცა გააქტიურება ამ მიმართულებით ნამდვილად კარგი იქნება. ეს განსაკუთრებით ეხება განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სამინისტროებს და ასევე მნიშვნელოვანია სიპ-ების მიერ ხარჯების დაჩქარება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფაქტობრივად ხარჯვა არ არის დაწყებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ჯერჯერობით ათვისება არ არის", - განაცხადა ხადურმა.

პრემიერის კითხვაზე, "რატომ არ ითვისებენ თანხებს?", ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ "აქ მექანიზმია ცოტა ბიუროკრატიული, როგორც ჩანს და ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავთ გამგებლებსა და საკრებულოებთან შეხვედრას. გვინდა, რომ ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ. მათ შორის შესაძლებელია გუბერნატორების უფრო მეტი აქტივობა".

"დეტალურად წარმოადგინეთ ინფორმაცია, რომელი რაიონები არ/ვერ ხარჯავენ და მე მინდა, საჯარო გავხადო ეს პროცესი", - დაავალა პრემიერმა ნოდარ ხადურს, ასევე, ჰკითხა განათლებს მინისტრს, რატომ ვერ ხარჯავს თანხას მისი სამინისტრო. თამარ სანიკიძემ უპასუხა, რომ ძირითადი ხარჯი არდადეგებზე მოდის. 

"რაიონებს, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს, წარმოადგინეთ დეტალური ინფორმაცია. მე მინდა, საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხებს. იმ გამგებლების, რომლებიც ამას ხელს უშლიან ან საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც აფერხებენ რაღაც გაუგონარი ბიუროკრატიული ბარიერების გამო", - განაცხადა პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრს დაავალა, ყველა გამგებელთან შეხვედრა მოაწყოს.

კომენტარები