ევრო

ერთი ევრო $1.10 ღირს - რაც გასული თერთმეტი წლის მინიმუმს წარმოადგენს

REUTERS

5 მარტის მდგომარეობით ერთი ევრო 1,10 აშშ დოლარი ღირს, რაც გასული 11 წლის მინიმუმს წარმოადგენს. ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით წელს 8.5%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევრომ 21% დაკარგა. დოლართან მიმართებით ევროს დევალვაცია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილებას უკავშირდება.

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა შერბილებული მონეტრაული პოლიტიკა ევროს დეფლაციის თავიდან აცილების მიზნით დაიწყო. გასული წლების მანძილზე ევროზონაში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა. დეფლაციის თავიდან აცილების მიზნით ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა შეარბილა, რამაც ბაზარზე ევროს მიწოდების ზრდა გამოიწვია. გაზრდილმა მიწოდებამ ევროს გაცვლითი კურსის დევალვაცია გამოიწვია. 

ეკონომისტების შეფასებით, ევროს დევალვაცია ევროკავშირის ქვეყნების ექსპორტის პოტენციალზე დადებითად აისახება, რადგანაც უცხოელ მყიდველებს ევროზონაში წარმოებული პროდუქციის შესაძენად უფრო ნაკლები დოლარის გადახდა მოუწევთ. 

ევროზონაში სირთულეების ერთ-ერთი მიზეზი საბერძნეთში არსებული ვითარებაა. საბერძნეთის ეკონომიკა 2008 წელთან შედარებით 25%-ით არის შემცირებული. ქვეყანას სრული რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 10 წელი და ევროკავშირის მასშტაბური ფინანსური დახმარება დასჭირდება.

კომენტარები