ლარის კურსის გაუფასურება

ხადური IMF-ის განცხადების შემდეგ: ეროვნული ბანკის მუშაობას ვერ შევაფასებ

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

ტაბულას კითხვას, ამჯერად როგორ შეაფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა სწორია, მაშინ როცა მთავრობის წარმომადგენლები ივანიშვილის განცხადების შემდეგ ამბობდნენ, რომ სავალუტო კრიზისი გიორგი ქადაგიძის არასწორი პოლიტიკის შედეგი იყო, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა, რომ ის ვერ შეაფასებს ეროვნული ბანკის მუშაობას.

"მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვიმუშავეთ ერთობლივად სავალუტო ფონდთან, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საკითხი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის ბიუჯეტისა და ფისკალური პოლიტიკის ნაწილი. მე ვერ შევაფასებ სავალუტო ფონდისა და ეროვნული ბანკის მუშაობას, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტთან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ ფისკალური მიმართულებით სახელმწიფო და მთავრობა იქცევა სწორად", - განაცხადა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების ხარჯვის ზრდისკენ ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა, რის შემდეგაც მთავრობის წარმომადგენლებმა კრიზისში გიორგი ქადაგიძის დადანაშაულება დაიწყეს. გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ განაცხადა, რომ ის სრულად უჭერს მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი მიიიჩნევს, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოს მხრიდან სავალუტო რეზერვების ხარჯვა მიზანშეწონილი არ არის და ის პირიქით დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას.

"მიმაჩნია, რომ იმ ქვეყნებმა, ვინც საკუთარი სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილები კურსის დასტაბილურების მიზნით გაყიდეს, ეს რეზერვები უბრალოდ დაკარგეს, რადგანაც არანაირი დადებითი გავლენა ამ ხარჯვას არ ჰქონია. ეს არ არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ნაბიჯი და ის პირიქით ქვეყნის ეკონომიკას უკან ხევს. ქვეყანაში, სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა, იქ საპროცენტო განაკვეთების ზრდაც ხდება და ეკონომიკური ზრდაც ფერხდება", - განაცხადა გრიფიტსმა.

კომენტარები