ნაბუქო

აზერბაიჯანი და ბულგარეთი ნაბუქოს პროექტს დაუბრუნდებიან

BGNES

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ბულგარეთის პრემიერმინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, სხვა ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად, სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ნაბუქოს პროექტის აღდგენაზეც ისაუბრეს.

"რაც უფრო მეტი ევროპული ქვეყანა მიიღებს ჩვენს გაზს, მით უკეთესი იქნება ეს ჩვენთვის, ყველასთვის", -განაცხადა ალიევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს შეუძლია, გახდეს ტრანზიტული ქვეყანა, რომლის გავლითაც ევროპას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან.

ცნობისთვის, ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი, რომელიც აქამდე ნაბუქოს მთავარ მეტოქედ ითვლებოდა, ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია. ალიევის თქმით, საუკეთესო ვარიანტი იქნება ნაბუქოსა და ტრანსადრიატიკული მილსადენის გაერთიანება.

"ვფიქრობთ, შეგვიძლია, გავაერთიანოთ ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) და ნაბუქო. არ არის მნიშვნელოვანი, რა დაერქმევა ამ გზას. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ აზერბაიჯანული გაზი შევიდეს ევროპაში",- განაცხადა ალიევმა.

ბოიკო ბორისოვის თქმით, ვიცეპრემიერი ტომისლავ დონჩევი ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, აპირებს, ითანამშრომლოს სამხრეთის გაზის კორიდორის შექმნის პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ ნაბუქოს პროექტი ითვალისწინებდა ბუნებრივი აირის ტრანზიტს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან აღმოსავლეთი ევროპის (რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის) გავლით ავსტრიაში. აღსანიშნავია, რომ ევროპელი ლიდერები ღიად უჭერდნენ მხარს ამ პროექტს, გამომდინარე იქიდან, რომ ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთის გავლენას შეასუსტებდა. საბოლოოდ, ნაბუქოს პროექტი რამდენიმე წლის წინ ჩაიშალა, რადგანაც მისი განხორციელება საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

თავის დროზე კი ნაბუქოს პროექტს რამდენიმე ახალი ალტერნატივა გამოუჩნდა - ტრანსანატოლური გაზსადენი (TANAP), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მილსადენი (SEEP), ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP) და იმავე ნაბუქოს შეკვეცილი ვარიანტი - Nabucco-West. როგორც ჩანს, ტრანსადრიატიკული მილსადენის პროექტი აზერბაიჯანისთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა, რამდენადაც შაჰ დენიზ II-ის კონსორციუმის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, სწორედ ამ უკანასკნელმა ჩაანაცვლა ნაბუქოს პროექტი. აღსანიშნავია, რომ ტრანსადრიატიკული მილით გაზის ტრანსპორტირება საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიაში იგეგმებოდა, სადაც ის უკვე ტრანს-ანატოლიის მილსადენს შეუერთდებოდა. გეგმის მიხედვით, ამ უკანასკნელს სათავე საქართველო-თურქეთის საზღვართან უნდა აეღო და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ნაბუქოს პროექტი რუსული პროექტ "სამხრეთ ნაკადის" ალტერნატივად მიიჩნეოდა, თუმცა, გასული წლის დეკემბერში, რუსეთმა საბოლოოდ თქვა უარი ზემოხსენებული პროექტის განხორციელებაზე. ამის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, მთავრობამ მიმართა ანკარას ანალოგიური სიმძლავრის გაზსადენის ასაშენებლად, თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე, რის შედეგადაც სამხრეთ ევროპის მომხმარებლების გაზზე მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

კომენტარები