ხარჯების შემცირება

გოცირიძე: დასახელებული ხარჯების შეკვეცა საბიუჯეტო დეფიციტის აცილებას არ ეყოფა

თეორემა/ტაბულა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე თვლის, რომ იმ ხარჯების შეკვეცა, რაც დღეს მთავრობის წევრებმა დაასახელეს, საბიუჯეტო დეფიციტის თავიდან აცილებას არ ეყოფა. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ძალიან უხეშად ვთქვათ - 2.5%-დან 2-მდე ეკონომიკის კლება პირადად ჩემი გაანგარიშებით საჭიროებს დაახლოებით 400 მილიონის ანუ 5%-იან ბიუჯეტის სეკვესტრს. ხოლო, თუ მხოლოდ 1%-ით შემცირდება ბიუჯეტის ხარჯები, ეს არის დაახლოებით 995 მილიონი დოლარი. რასაც დღეს ვისმენდი მე ტელევიზიით, ამბობენ, რომ ჩვენ შევამცირებთ საკანცელარიო ხარჯებს - ნაკლებ რვეულებს და ქაღალდს ვიყიდით, შევამცირებთ ბენზინის ხარჯებს 20%-ით და არ ვიყიდით რბილ სავარძლებს და ა.შ. ტოიოტას ჯიპი იყიდეს 2-დღიანი კონფერენციისათვის. თავხედობაა. ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი თბილისში ატარებს კონფერენციას, ჩამოდიან ევროპის მინისტრები და ბანკის პრეზიდენტები, უნდა დახვდეთ მათ მანქანები, მაგრამ ამ მანქანის ქირაობა შეიძლება 2 დღით ნებისმიერ კომერციულ სტრუქტურაში და მთავრობასაც უამრავი მანქანა ჰყავს.

მეორე - მერიაში 2. 2 მილიონი დოლარი უნდა დაიხარჯოს ვიღაც ადამიანის სამსახურიდან გაშვებისათვის, თბილისში საინვესტიციო დახმარების თუ ხელშეწყობის ფონდის შესაქმნელად. ასევე ფინანსთა სამინისტრომ, ვითომ რომ შეესრულებინა ხარჯვების გეგმა, 4.5 მილიონი ლარი გადაიხადა შენობისთვის, ტრენინგ-ცენტრისთვის თუ აკადემიისთვის. როდესაც ახლა უკვე აპირებს დაწესებულებების საპრივატიზაციოდ გამოტანას, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს შენობის, ეროვნული ბანკის შენობის და ა.შ.

რამდენი შეიძლება სეკვესტრის ღირებულებითი ჯამი მივიღოთ - შეიძლება, მაქსიმუმ 10 მილიონი ლარი, მეტი არა. მაშინ, როდესაც აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირება, როგორი უსიამოვნო მოსასმენიც არ უნდა იყოს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს. დაახლოებით 15%-ით მაინც უნდა შემცირდეს სახელმწიფო აპარატი", - თქვა გოცირიძემ.

კომენტარები