კრიზისი უკრაინაში

სტოლტენბერგი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე: დღეს განსხვავებულ რუსეთს ვხედავთ

northcountrypublicradio

რუსეთმა ბოლო პერიოდში, უკრაინაში პრორუსი სეპარატისტების მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზარდა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი სეპარატისტებს მძიმე შეიარაღებით, არტილერიით, ჯავშანტექნიკით, საჰაერო თავდაცვის სისტემით ამარაგებს. მისი თქმით, საუბარია აღჭურვილობაზე, რომელიც მხოლოდ რუსეთიდან შეიძლება მოდიოდეს და ამას ადასტურებს როგორც მათი დაზვერვა, ასევე სხვა წყაროებიც.

„ვფიქრობ, განხილვის საგანი არც არის საკითხი - არის თუ არა რუსეთი უკრაინაში. მათ ყირიმის ანექსია მოახდინეს, ასევე შეეცადნენ ეთქვათ, რომ ისინი ყირიმში არ იყვნენ. ყირიმის ანექსიის შემდეგ კი ახლა აღმოსავლეთ უკრაინაში არიან. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გამოიყვანოს ჯარი უკრაინიდან და გამოიყენოს მთელი მისი გავლენა სეპარატისტებზე, რათა მინსკის შეთანხმება შესრულდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა პატივი უნდა სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისი განცხადებით, NATO და ფინეთი წლებია ცდილობენ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. სტოლტენბერგის თქმით, რასაც დღეს ისინი ხედავენ, ეს - განსხვავებული რუსეთია.

კომენტარები