პურის გაძვირება

იფქლი: პურის გაძვირება ნედლეულზე ფასის ზრდამ გამოიწვია

კომპანია იფქლი პურის ორი სახეობის გაძვირებას ნედლეულის ფასის ზრდით ხსნის. კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"აჟიოტაჟი გამოიწვია პურის ფასებმა. ნედლეულის ფასის ცვლილება ყოველთვის აისახება პროდუქციაზე. 2013 წლის 7 თებერვალს, როცა ფქვილის ფასმა 35 ლარამდე დაიკლო, კომპანია „იფქლი" იყო ერთადერთი ინდუსტრიაში, ვინც პურის ფასი დაწია. მას შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ვინარჩუნებდით იგივე ფასს.

დღესდღეობით საქართველოში შემოსულ ნედლეულზე ფასებმა მკვეთრად იმატა. ერთი ტომარა ფქვილი უკვე 40.50 ლარი ღირს. ასევე მომატებული აქვს ფასი მარილს, საფუარს და მრავალ სხვა ნედლეულს, რომელებსაც ვიყენებთ წარმოების პროცესში.

კომპანია „იფქლი" თავისი მომხმარებლისათვის მხოლოდ საუკეთესოს იმეტებს. მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად, კომპანია ასაქმებს 300-მდე სპეციალისტს და იძენს მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან ნედლეულს. კომპანია ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს ამ თანამშრომელთა სამუშაო ადგილები და პროდუქციისათვის ის საუკეთესო ხარისხი, რომელსაც მისი მომხმარებლები „იფქლი"-სგან მოელიან.

შექმილ პირობებში, მეწარმე, რომელიც კეთილსინდისიერად იხდის თავის ფინანსურ ვალდებულებებს, იძულებული ხდება გადახედოს თავისი პრუდუქციის რეალურ ფასს. შესაბამისად, მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად, აუცილებელი გახდა ორი სახეობის პურეულზე - თეთრ და რუხ „ბატონზე" ფასი 10 თეთრით გაგვეთანაბრებინა ბაზარზე არსებულ რეალურ ფასთან. დანარჩენი 73-მდე სახეობის პროდუქციაზე ფასი უცვლელი რჩება.

მომხმარებელთა ბაზარზე არსებული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გვაქვს 50 თეთრიანი „სტანდარტი".ამავდროულად კომპანიამ გამოუშვა ახალი სახეობის პური „ეკობატონი". ის თეთრი სახეობის პურია, რომლის ფასიც მხოლოდ 60თეთრს შეადგენს.

„იფქლი"-ს პროდუქციის შეძენა კვლავაც მომგებიანია მომხმარებლისათვის, რადგანაც ისინი გადახდილ ფასში სხვა კონკურენტებთან შედარებით ღებულობენ მეტს, როგორც პროდუქციის წონის, ასევე ხარისხის თვალსაზრისით.

წარმატებული ქართული კომპანია „იფქლი" წლებია სარგებლობს ისეთი აღიარებებით, როგორიცაა „ხარისხის ნიშანი" და „გოლდენ ბრენდი", - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კი, ვერანაირ ლოგიკურ გამართლებას ვერ ხედავს, თუ რატომ გააძვირა იფქლმა პურის ფასი. 

მინისტრის თქმით, პურის გაძვირებით იფქლმა 2013 წელს დადებული პირობა დაარღვია, რომლის მიხედვითაც პურის ქარხნებს ფასი არ უნდა გაეზარდათ. "2013 წლამდე ფქვილის ფასი იყო დაახლოებით იმდენი, რამდენიც არის დღეს და მაშინ დაფიქსირდა ეს ფასები. როდესაც გაიაფდა ფქვილის ფასი და ტომრის ფასი ჩამოვიდა 36 ლარზე, პირობა დადეს, რომ არ გააძვირებდნენ პურს და დატოვებდნენ იმ ფასს, როგორც იყო. ოღონდ ამის პირობა იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში, თუკი ფასები ისევ გაიზრდებოდა, პურის ფასს არ გააძვირებდნენ. როგორც ჩანს, მათ ეს პირობა დაარღვიეს, თუმცა ჩვენ აუცილებლად მოვიკითხავთ თუ რა მიზეზები იყო ამის უკან", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ სამინისტრო ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესის საქმიანობაში. მინისტრის თქმით, სამინისტრო პურის ქარხნებისგან მოიძიებს დამატებით ინფორმაციას, რათა დადგინდეს, არის თუ არა კიდევ მოსალოდნელი პურის ფასის ზრდა. 

კომენტარები