ქალთა მიმართ ძალადობა

ბურკაში გამოწყობილმა ავღანელმა მამაკაცებმა ქალთა მიმართ ძალადობა დაგმეს

Reuters

ავღანელი მამაკაცების ჯგუფმა ქაბულში, ადამიანის უფლებათა დამცველის დამოუკიდებელი კომისიის ოფისებთან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართა. ავღანელი ქალების ეროვნულ ტანსაცმელში - ბურკაში - გამოწყობილ აქტივისტებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ: "ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას", "არ მიუთითო ქალს, რა ტანისამოსი ჩაიცვას ქუჩაში", "თანასწორობა - ჩვენი დევიზი".

"მთავარი მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ ბურკა გვაცვია, არის ის, რომ დავინახოთ, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ბურქაში გამოწყობილი ქალები",- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

საპროტესტო აქცია ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნად ჩატარდა.

"ჩვენი მთავრობა ქალთა საერთაშორისო დღეს ძვირადღირებულ სასტუმროებში აღნიშნავს, ჩვენ კი გვინდა, ქუჩაში გამოვიტანოთ ქალთა პრობლემები",- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა აქციამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გამოჩნდნენ მომხრეებიც, თუმცა, ზოგიერთმა მოქალაქემ მშვიდობიანი აქცია შეურაცხყოფად მიიღო, ზოგი ირონიულად უყურებს გამოხატვის ამ ფორმას, ზოგი კი საერთოდაც მიიჩნევს, რომ ქალთა ემანსიპაცია ავღანეთის საზოგადოებას საბოლოოდ პროსტიტუციის გაძლიერებამდე მიიყვანს. აქციის უარყოფითად შემფასებლებში იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც.

"ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი უფლების დამცველები",- განაცხადა ბურქაში გამოწყობილმა 16 წლის ავღანელმა სტუდენტმა გოგონამ.

ცნობისთვის, Human Rights Watch -მა გასულ წელს გაკეთებულ ანგარიშში, ღიად ისაუბრად ქალთა მიმართ ძალადობაზე. "გადაუმოწმებელი სექსუალური ძალადობის შემთხვევები მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა ქალთა დასაქმებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ქუჩებში ძალადობა ქალებისთვის ყოველდღიურ გამოცდილებად იქცა. ქალები, რომლებიც ითხოვენ დახმარებას პოლიციისგან, უმრავლეს შემთხვევებში პასუხის გარეშე რჩებიან", - წერდა HRW.

ცნობისთვის, ავღანეთში ბოლო 9 თვის მანძილზე ადამიანის უფლებების დამცველმა დამოუკიდებელმა კომისიამ ძალადობის 4250 ფაქტი დააფიქსირა. აქედან 50 მკვლელობაა, 40 სექსუალური ძალადობა (მათ შორის, ჯგუფური გაუპატიურება), 85 შემთხვევა არასრულწლოვანის დაქორწინებას ეხება, 16 ქალის გაყიდვას, 1129 კი ფიზიკურ ძალადობას. ეს მხოლოდ ის ფაქტებია, რაც კომისიამ მოიძია, ძალადობის ფაქტების რეალური რაოდენობა კი გაცილებით დიდია.

რაც შეეხება ბურქას, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, თალიბანის მმართველობის დამყარების შემდეგ, ის ავღანელი ქალების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

კომენტარები