ქართული ოცნება

ელისო ჩაფიძე თანაგუნდელებს პროვოკაციების ორგანიზებაში ადანაშაულებს

ელისო ჩაფიძე
radiotavisupleba.ge

ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ელისო ჩაფიძე, მცხეთა-მთიანეთის გუბრენატორსა და განათლების მინისტრის მრჩეველს მის წინააღმდეგ პროვოკაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს. ჩაფიძის თქმით, ოთარ აბესაძე, რომელიც მინისტრის მრჩეველია, ტყიბულში მაჟორიტარის წინააღმდეგ ინფორმაციას ავრცელებს.

ელისო ჩაფიძის თქმით, აბესაძე მარტო არ მოქმედებს და ის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ნუგზარ ყიფიანის ინტერესებს ატარებს, რომელიც წარმოშობით ტყიბულიდანაა. ელისო ჩაფიძის თქმით, ოთარ აბესაძესთან ერთად ტყიბულში რამდენჯერმე ჩავიდა უმრავლესობის წევრი ირაკლი ტრიპოლსკიც.

ტრიპოლსკიმ დღეს დაპირისპირების ფაქტი უარყო და თქვა, რომ ელისო ჩაფიძე შეცდომაშია შეყვანილი. ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობა უარყო განათლების მინისტრის მრჩეველმაც. ოთარ აბესაძის თქმით, დაპირისპირების მიზეზი არ არსებობს. მისი აქტიურობა კი იმით განმარტა, რომ განათლების სამინისტრო ტყიბულში 2 სკოლას აშენებს, რის გამოც მას რეგიონში ჩასვლა ხშირად უწევს.

კომენტარები