უკრაინა

ადვოკატი: ნადეჟდა სავჩენკო სავარაუდოდ შიმშილობას აღარ გააგრძელებს

ნადეჟდა სავჩენკო
Reuters

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფება და უკანონ დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად 83 დღე შიმშილობდა, შიმშილობას სავარაუდოდ აღარ გააგრძელებს.

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მარკ ფეიგინმა განაცხადა. მისი განმარტებით, სავჩენკოს შიმშილობის გაგრძელება ფიზიკურად აღარ შეეძლო, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო.

ადვოკატის თქმით, სავჩენკოს ორი ალტერნატივა შესთავაზეს- გადაყვანა კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც საკვებს იძულების წესით მიაღებინებდნენ, ან ციხის სავადმყოფოში დარჩენილიყო და ბულიონი მიეღო. „მან ხელი მოაწერა ქაღალდს, რომ ბულიონს მიიღებდა და გუშინ დალია კიდეც. დღეს აღარ დაულევია. როგორი იქნება მისი კვების რაციონი შიმშილობიდან გამოსვლასთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია. მაგრამ შიმშილობა, როგორც აქტი, ამ დროისთვის შეჩერებულია და არ მგონია, განახლდეს. თუმცა არ ვიცით, სიტუაცია როგორ შეიცვლება", - განაცხადა ფეიგინმა.

ნადეჟდა სავჩენკო , რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ბატალიონ აიდარის შემადგენლობაში მოხალისის სტატუსით იბრძოდა, გასული წლის ივნისში პრორუს სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდა, რის შემდეგაც ის რუსეთში გადაიყვანეს და რუსი ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. უკვე დაპატიმრების შემდეგ სავჩენკო უმაღლესი რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრად აირჩიეს. თუმცა, რუსეთის სასამართლომ მისი იმუნიტეტი არ გაითვალისწინა და გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

კომენტარები