სავალუტო კრიზისი

კვირიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას: ნუ შეიქმნება აჟიოტაჟი ვადების გამო

ტაბულა

მთავრობა სავალუტო სტაბილიზაციის გეგმაზე აქტიურად მუშაობს და ვადების გამო აჟიოტაჟის შექმნა არ ღირს - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 5 მარტს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარმოედგინა, თუმცა ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, მან გუშინ გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრა გამართა, სადაც მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმაზე ესაუბრა.

„მე ვუთხარი მას, რა სტადიაშიც არის ეს გეგმა - ზუსტდება პატარა, გარკვეული კომპონენტები ბიუჯეტის კუთხით და ასევე პროგნოზები მომავალი თვეების მიხედვით. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და მინდა ვთქვა, რომ ამ გეგმის დასრულებამდე თუ წარდგენამდე ჩვენ არ გავჩერებულვართ და ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ყველა უწყებაში - ეკონომიკის სამინისტროში ყველა საპრვატიზაციო ობიექტი აქტიური მომზადების პროცესშია და უკვე ნაწილი გატანილია აუქციონზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს მკაცრ მონიტორინგს ხარჯების შესრულების კუთხით, ეს განსაკუთრებით ეხება კაპიტალურ დანახარჯებს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა პროექტების იდენტიფიცირების კუთხით, ტურიზმის ადმინისტრაციამ კი „უკვე ცხრა ქვეყანაში დაიწყო ძალიან აქტიური სარეკლამო კამპანია და მზადდება მთელი სერია სხვადასხვა ღონისძიებებისა საქართველოს ქალაქებში" .

„ასე რომ, რაიმე განსაკუთრებული, თითქოს რაღაც ვადები დაირღვა, არ ხდება. ეს გეგმა ჩვენ ფაქტობრივად უკვე გაცხადებული გვაქვს და ბევრჯერ ვთქვით, თუ რა მიმართულებით მივდივართ. სამუშაოს მიმდინარეობის პარალელურად, უახლოეს დღეებში მოხდება ჩვენი ნაბიჯების დაზუსტება და საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი ცნობილი გახდება. ამიტომ ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც სამუშაო პროცესს და ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ შეიქმნება აჟიოტაჟი რაღაც ასეთი ვადების დათქმითა და მერე ვითომ დარღვევით. არაფერი ასეთი არ ხდება", - განაცხადა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები