ქალთა მიმართ ძალადობა

საპატრიარქო: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ქალის მიმართ ძალადობის თემას ეხმიანება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, მიუხედავად იმისა რომ ქალსა და მამაკაცს შორის იერარქია არსებობს - ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენს საზოგადოებაში აქტუალურია დისკუსია ქალის როლსა და მნიშვნელობაზე, დღეს მრავალი უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს ქალისა და მამაკაცის უფლებებეზე მაშინ, როდესაც, ჯერ კიდევ 2000 წლის წინ, ქრისტიანულმა სწავლებამ ეს დამოკიდებულება გამორჩეულად ამაღლებულად წარმოაჩინა.

ქრისტიანულ სარწმუნოებაში ქალი უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახით უპირველეს წმინდანად აღიარებული.

ქრისტიანული ოჯახიც განსაკუთრებულია. იგი მცირე ეკლესიად არის გამოცხადებული და მეუღლეებს შორის ურთიერთობა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობის სიმბოლოდაა წარმოჩენილი. ამდენად, ამ წიაღში რაიმე ძალადობა თავიდანვეა გამორიცხული.

პავლე მოციქული ბრძანებს: "ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა მიაგოს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს. ცოლი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი და ქმარი კი არ უფლებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი (I.კორ.7 3-4)" მართალია, ქრისტიანობამ თანაბარი უფლებები მიანიჭა მეუღლეებს, მაგრამ იერარქიაც განაჩინა; ოღონდ იერარქიული ურთიერთობა სიყვარულის აუცილებელი პირობით განამწესა: ქმარი თავია ცოლისა, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა.

"მამაკაცებო გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის (ეფ. 5,25)" ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისთვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა ზოგადად ადამიანის მიმართ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები