ყაჩაღობა

ორმა პირმა გუშინ და დღეს არაერთი ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღა

შსს ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ და დღეს თბილისის სხვადასხვა უბნებში, ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებზე, ასევე სავალუტო ჯიხურებზე ყაჩაღობა მოხდა. უწყება ყაჩაღობის ფაქტებს ბრალდებულების დაკავებამდე არ ადასტურებდა.

"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზურაბ გ. და 1988 წელს დაბადებული გიორგი კ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 2015 წლის 7 და 8 მარტს, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე "ვისოლის", "გამა-გაზის", "რომპეტროლის" და "სოკარის" ბენზინგასამართ და გაზგასამართ სადგურებსა და სავალუტო ჯიხურში შეიჭრნენ, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის მუქარით ოპერატორებს სხვადასხვა ოდენობის თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები თბილისში დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღოს ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რამდენ ობიექტზე მოხდა თავდასხმა.

კომენტარები