მერიის საკონსკურსო-საატესტაციო კომისია

მერიის საკონსკურსო-საატესტაციო კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ დატოვა

თბილისის მერიის საკონსკურსო-საატესტაციო კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია სიდამ დატოვა. აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა ეჭვქვეშ დააყენა საკონკურსო პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა. არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საკონკურსო პროცესის პოზიტიურ და უარყოფით ფაქტორებზე საუბრობს.

"2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი მონაწილეობდა ქალაქ თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობაში, როგორც კომისიის წევრი. წინამდებარე დოკუმენტი განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას ისახავს მიზნად.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის საკონკურსო-საატესტაციო პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანია თვითმმართველობის თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის შემოწმების, ახალი თანამშრომლების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებისა და ყოველგვარი პოლიტიკური შემადგენელისაგან პროცესის დაცვის უზრუნველსაყოფად. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობას პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანი იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების როგორც კომისიებში მონაწილეობა, ასევე მათ მიერ განხორციელებული დაკვირვების პროცესი.

გაცნობიერებული გვქონდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, კომისიის საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით, გარკვეულ კრიტიკას დაიმსახურებდა კონკურსანტების მხრიდან, ვინაიდან კომისია კოლეგიალური ორგანოა და ის გადაწყვეტილებას ხმების უმრავლესობით იღებს, სადაც ერთი კომისიის წევრის შეფასება გარემოზე ზემოქმედებას ვერ მოახდენდა. ამასთანავე, კონკურსის ათასობით მონაწილიდან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ დასაქმდა, რაც უკმაყოფილოს განუზომლად დიდი რაოდენობით მონაწილეს ტოვებს. თუმცა ჩვენ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წინასწარი კონსულტაციების გავლის შემდეგ, მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება კომისიის საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და განვლილი სამუშაოს შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას მართლებულად ვაფასებთ. სწორედ კომისიაში, უსასყიდლოდ, საზოგადოებრივ საწყისებზე ყოფნამ, გახადა შესაძლებელი, თქვენთვის წარმოგვედგინა ქვემოთ მოცემული მოსაზრებები.

რაც შეეხება საკონკურსო-საატესტაციო პროცესის შეფასებას (ეფუძნება იმ გამოცდილებას, რაც მიღებული იყო კონკრეტულად იმ კომისიის საქმიანობით, სადაც ჩართული იყო "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი და გასაუბრებაზე გამოდიოდნენ შიდა აუდიტის, ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, კულტურისა და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების ვაკანტურ თანამდებობებზე):

პოზიტიური
• დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების გასაუბრებებზე დასწრება, შეზღუდული შესაძლებლობითაც კი, პოზიტიური იყო, პროცესს უფრო გამჭვირვალეს ხდიდა და უფრო ამცირებდა სუბიექტივიზმის ხარისხს;

• მნიშვნელოვანი იყო გასაუბრების ფორმალური კრიტერიუმების არსებობა, რომელიც კომისიის წევრის ინდივიდუალურ ოქმს წარმოადგენდა;

• კომისიის წევრების მიერ დასმული შეკითხვების ერთგვაროვნება, რომელიც ფორმალურ კრიტერიუმებს ეთანხმებოდა, რაც ამცირებდა იმის შესაძლებლობას, რომ კანდიდატების მიმართ განსახვავებული მიდგომა ყოფილიყო (ეს შეიძლებოდა ასახულიყო კითხვების განსხვავებულ რაოდენობაში, ან კითხვების სირთულეში);

• იმ კომისიის დისკუსიებში, სადაც "სიდას" აღმასრულებელი დირექტორი იყო ჩართული, უმეტეს შემთხვევაში თანხვედრას ჰქონდა ადგილი გასაუბრების საუკეთესო კანდიდატებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი იყო კომისიის წევრების ერთგვაროვანი დამოკიდებულება გასაუბრებებზე კანდიდატების მიმართ, თუმცა, ეს როგორ აისახა საბოლოო შედეგებზე ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

უარყოფითი
• არ არსებობს კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევის კრიტერიუმები, რაც მინიმუმამდე დაიყვანდა თვითმმართველობის ხელმძღვანელის სუბიექტივიზმს ორგანიზაციების შერჩევისა და ჩართვისას;

• დაკვირვების სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო თავისუფლად, წინასწარ დაწესებული შეზღუდვების გარეშე უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა კომისიის სხდომებზე დასწრებისა და დაკვირების. (თითო წარმომადგენელს შეეძლო დასწრებოდა 3 სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, როდესაც პარალელურად 5 კომისიის სხდომა მიმდინარეობდა). ასევე მნიშვნელოვანი იყო, დამკვირვებლებს ჰქონოდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე დაკვირვების განხორციელების შესაძლებლობა, როგორც ატესტაციის, ასევე საგამოცდო გასაუბრებების დროს;

• მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გასაუბრებებს სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, კომისიის წევრებად მათი აბსოლუტური უმრავლესობით ყოფნა ტოვებს სუბიექტივიზმის რისკს;
• რეალურად, მხოლოდ კომისიის სამსახურის ხელმძღვანელები წარმოადგენდნენ იმ სუბიექტებს, რომლებსაც შეეძლოთ კონკურსანტების დარგობრივი ცოდნის შემოწმება. მნიშვნელოვანია, რომ სფეროების მიხედვით გარედან მოწვეულ კომისიის წევრების დახმარებითაც შეიძლებოდეს სპეციფიური ცოდნის შემოწმება;

• საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო ერთგვაროვანი და იყო ძალიან ზოგადი, რაც გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტს შესაძლებლობას აძლევდა, ფაქტობრივად ყველა იმ პოზიციაზე გასულიყო გასაუბრებაზე, სადაც წინასწარ გააკეთა განაცხადი. ამან კი, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის კანდიდატის გასაუბრებაზე გასვლა განაპირობა, რაც როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სწორედ საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაბალი თამასით იყო განპირობებული;

• კანდიდატების შესახებ ინფორმაციის (მაგ. CV-ბიოგრაფიული მონაცემები) გაცნობის წინასწარი შესაძლებლობა არ იყო და ფაქტობრივად, კანდიდატთან 15 წუთიანი კომუნიკაცია იყო მასთან დაკავშირებით წარმოდგენის შექმნის ერთადერთი შესაძლებლობა;

• გასაუბრების პროცესი მიმდინარეობდა არანორმირებული სამუშაო დროის განმავლობაში, ცალკეულ შემთხვევაში ის ღამის 11 საათამდეც გრძელდებოდა, რაც ამცირებდა როგორც კომისიის წევრების, ასევე კონკურსანტების შრომის ნაყოფიერებას. ასევე, ამ არანორმირებული საკონკურსო სამუშაო დროის გამო, ვერ ხერხდებოდა ყველა კომისიის წევრის სრულად ჩართვა მთლიანად საკონკურსო პროცესში ვინაიდან, მათ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაც უწევდათ დღის განმავლობაში;

• რამდენიმე პოზიციაზე გასული კანდიდატის შემთხვევაში, გასაუბრების წარმართვა ყველა პოზიციისთვის ერთდროულად ხდებოდა. კარგი იყოს ის, რომ ეს კეთდებოდა კანდიდატთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, უარყოფითი იყო ის, რომ იმ დღეს ვერ ხდებოდა კანდიდატის შედარება სხვა ვაკანსიებზე გამოსასვლელ კანდიდატებთან (რომლებთან გასაუბრებებიც შემდგომ დღეებში იყო დანიშნული) და შესაბამისად, ვერც საბოლოო ოქმები მომზადდებოდა იმავე დღეს, დაუყოვნებლივ;

• მიუხედავად იმისა, რომ კომისიაში განხილვები ღიად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა, შეუძლებელი გახდა იმის მონიტორინგი, თუ როგორ აისახა ეს განწყობები კომისიის წევრების მიერ დაწერილ ქულებსა და ინდივიდუალურ ოქმებში და შემდგომში, ამ ოქმების შედეგად შეწონილი საბოლოო ქულები რამდენად გახდა კანდიდატების შერჩევის საფუძველი. საბოლოო შემაჯამებელი ოქმების დაუყოვნებლივ გაფორმების გარეშე, ტექნიკურად დარჩა იმის შესაძლებლობა, რომ: ა) მომხდარიყო მოგვიანებით ოქმების ძირითადი რაოდენობის შეცვლა და შესაბამისად, ზეპირი დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბებული პოზიციების ცვლილება; ბ) "წინასწარი სიების" გადაგზავნა და შეთანხმება სხვა უწყებებში და მხოლოდ იქიდან მიღებული პოზიტიური, თუ ნეგატიური პასუხების შესაბამისად საბოლოო გადაწყვეტილებების გაფორმება, მოგვიანებით, ქალაქის მერიაში; დ) ამა თუ იმ პოზიციაზე სავარაუდო გამარჯვებულების არსებობის მიუხედავად, კონკურსების ჩაშლა და ახლიდან გამოცხადება და/ან დროებით მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა. კომისიის წევრების ქულების საბოლოო ბაზა (ოქმების, თუ სხვა ფორმით) და მათი შედარება საბოლოო გადაწყვეტილებებთან სამწუხაროდ, დღემდე კომისიის წევრსაც კი არ შეუძლია;

• საკანონმდებლო ხარვეზები, უზუსტობები, თუ არასრულყოფილი ნორმები. მაგალითად:

• დამკვირვებელთა წერით ატესტაციაზე დაკვირვების მინიჭებული უფლება, როდესაც ამ უფლების მინიჭება ატესტაციის გასაუბრებებსა და საგამოცდო პროცესზე მხოლოდ თვითმმართველობის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ცალკეულმა თვითმმართველობებმა არ დაუშვეს დამკვირვებლები, ცალკეულ შემთხვევებში - არასრულად და სხვა;
• ტესტების შინაარსის შეუსაბამისობა პროფესიულ საჭიროებებთან;
• ატესტაციის/კონკურსის ჩატარების ყველა ეტაპის წესის დეტალური განსაზღვრა, რათა ამით უზრუნველყოფილიყო გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
• ატესტაციის ქულის გათვალისწინება ზეპირი გასაუბრების შედეგად დაწერილ საბოლოო შეწონილ ქულაში. სხვაგვარად გაუგებარია წერის შედეგის მხოლოდ პირველი ეტაპის გადასალახ ზღვრად გამოყენება (ამ შემთხვევაში, რა საჭიროა არსებობდეს წერის შედეგად მიღებული განსხვავებული ქულა. შესაძლოა, არსებობდეს მხოლოდ შეფასება - გადალახა, ვერ გადალახა);
• მიუხედავად იმისა, რომ განსახვავებული მოსაზრებები არსებობს ამ თემაზე, აუცილებლად იმსახურებს განხილვას გასაუბრებების ვიდეო ჩაწერის შესაძლებლობა, რათა აპლიკანტის მხრიდან დავის დაწყების შემთხვევაში არსებობდეს მტკიცებულება, რომელიც ნათელს გახდის თუ რამდენად სამართლიანად იქნა მიღებული ესა თუ ის გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები