ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

კვირიკაშვილი ბათუმი თაუერზე: გავყიდეთ შენობა და არა უნივერსიტეტი

ტაბულა

გავყიდეთ შენობა და არა უნივერსიტეტი - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბათუმი თაუერის გაყიდვის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, ეს შენობა უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარი იყო.

„გატანილი იყო 25 მილიონ დოლარად, ასევე 18-იდან 20 მილიონ დოლარამდე უნდა ჩადებულ იქნას ახალი ინვესტიცია და სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობაზეა საუბარი. ეს შენობა აუცილებლად გაყიდვას ექვემდებარებოდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ უკვე ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო. უნივერსიტეტი არ გაყიდულა, გაყიდული არის შენობა, რომელზეც იყო ბევრი მითქმა-მოთქმა.  წერილი, რომლითც ამერიკულმა მხარემ მიმართა საქართველოს მილენიუმის ფონდის წარმომადგენლობას, ადასტურებს, რომ ეს შენობა უნივერსიტეტისთვის იყო გამოუსადეგარი. სწორედ ამიტომ მოხდა ამ შენობის რეალიზაცია. ჩვენ უნივერსიტეტი არ გაგვიყიდია.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბათუმი თაუერი, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო, გაიყიდა. აუქციონი 17:00 საათზე დასრულდა. ის შპს ბათუმი თაუერმა 25 004 626 აშშ დოლარად შეისყიდა.

აღსანიშნავია, რომ აუქციონში მხოლოდ ერთადერთი კომპანია მონაწილეობდა. შპს ბათუმი თაუერი 2014 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირდა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი "CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში.

კომენტარები