ოკუპირებული ტერიტორიები

კახა კალაძე და მისი მოადგილეები ენგურჰესის საკითხზე აფხაზურ მხარეს შეხვდნენ

panoramio.com

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრა ენგურჰესის რეაბილიტაციას შეეხებოდა. ამის შესახებ აფხაზური მედია იუწყება. შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედგა.

აფხაზური მედიის ცნობით, როგორც აფხაზურმა მხარემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და განვიხილეთ ის საკითხები, რაზეც საერთო ინტერესია. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება".

ქართულ დელეგაციაში შედიოდნენ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ეწრებოდნენ დე ფაქტო ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია.

აღნიშნულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ადასტურებს.

კომენტარები