ოკუპირებული ტერიტორიები

კალაძე: აფხაზურ მხარესთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და გვექნება

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე ენგურჰესის საკითხზე აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადასტურებს. კალაძის თქმით, უწყება აფხაზურ მხარესთან კარგად თანამშრომლობს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

"შეხვედრას რაც შეეხება, 6 მარტს გაიმართა. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ენერგეტიკული მიმართულებით. წლებია დამყარებულია ეს კარგი ურთიერთობა. ახლაც გრძელდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება. იცით, რომ იქ მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურებზე, არხის გაწმენდითი სამუშაოები. მოვინახულეთ აგრეგატები. ვიცით, რომ ჰიდროელექტროსადგურის ენგურის აგრეგატები არის განთავსებული საბირიოში, დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2016 წლისთვის ვგეგმავთ გვირაბის რეაბილიტაციას. ძალიან მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი და ამისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება რამოდენიმე თვით", - თქვა კალაძემ.

კახა კალაძესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მისი მოადგილეები ილია ელოშვილი და მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ენერგოსისტემის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ეწრებოდნენ დე ფაქტო ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი ვიქტორ ხილჩევსკი, "ჩერნამორ ენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, ე.წ. დეპუტატი ახრა ბჟანია, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსი თემურ ნადარია. შეხვედრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შედგა.

აფხაზური მედიის ცნობით, როგორც აფხაზურმა მხარემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და განვიხილეთ ის საკითხები, რაზეც საერთო ინტერესია. ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება".

ბოლო პერიოდის მანძილზე ოკუპირებული აფხაზეთიდან ენგურჰესის კუთვნილებასთან დაკავშირებით პრეტენზიები ისმოდა. "ჩერნამორ ენერგოს" ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ენგურჰესის კუთვნილების საკითხები აქტიურად განიხლებოდა. ენერგეტიკის სამინისტროში უარყოფენ, რომ ამ საკითხზე რაიმე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის კაშხალი არ მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

აფხაზეთს ელექტროენერგიით ენგურჰესი უზრუნველყოფს, სწორედ ამიტომ ენგურჰესის კაშხალი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია და მისი პრივატიზაცია არ იგეგმება. 

კომენტარები