თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან, სადაც რამდენიმე წუთში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე დასასწრებად მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები უნდა მივიდნენ, აქცია მიმდინარეობს. თავისუფალი ზონა და სამართლის თაობა მთავრობის გადადგომას ითხოვენ. აქციიის მონაწილეები განაწილებულები არიან შენობის სამ შესასვლელთან. მათი თქმით, მთავრობა უუნაროა, ხელისუფლებაში ნეპოტიზმია და ამიტომ აუცილებელია, რომ ისინი გადადგნენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერებით - "ხადურ, წადი", "NOლარ ხადური", "გადადგეს მთავრობა", "ივანიშვილის მთავრობა გადადგეს", "უნიათო მთავრობა=გაუფასურებულ ლარს". ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სამ საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან.