ლარის კურსი

კვირიკაშვილი: საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი 1,8-2 მილიარდი დოლარი იქნება

ტაბულა

საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი წლის განმავლობაში 1,8-2 მილიარდი დოლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის ყოფილ შენობაში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, თუ საქართველოში შარშანდელი პირდაპირი ინვესტიციების დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყნის ხელოვნური ძალისხმევით დასაბალანსებელი თანხა 500-დან 700 მილიონ დოლარამდე გამოდის.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს დეფიციტი თვეებშია გაწერილი და ის დაბალანსდება. საწყის თვეებში ეს მოხდება პრივატიზაციებით, შემდეგ კი სხვადასხვა ძალისხმევით.

„მნიშვნელოვან რყევებს ეროვნული ვალუტის კუთხით აღარ ველოდებით ამ წლის განმავლობაში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

კომენტარები