undefined

საპატრიარქო მეუფე სპირიდონის პრორუსულ ქადაგებას არც იზიარებს და არც გმობს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო სხალთელი ეპისკოპოსის, სპირიდონ აბულაძის ანტიუკრაინულ და პრორუსულ განცხადებებს არც გმობს და არც იზიარებს - ასე გამოეხმაურა ტაბულასთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მღვდელი მიქაელ ბოტკოველი სინოდის წევრის ქადაგებას, სადაც ის მრევლს მოუწოდებს, ილოცონ, რომ რუსეთმა უკრაინა და ბელორუსი დაიპყროს. 

ტაბულა: მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა ერთი სახელმწიფო გახდება და ჩვენ ამისთვის უნდა ვილოცოთ. საქართველოს საპატრიარქოს თუ აქვს რაიმე კომენტარი ამასთან დაკავშირებით?

ბოტკოველი: არ ვიცი, მეუფეს შეუძლია ნებისმიერი აზრი გამოთქვას, რასაც თვითონ ფიქრობს, ის, აზრების გამოთქმაში ალბათ ყველა ადამიანი შეუზღუდავია.

ტაბულა: საქართველოს საპატრიარქო იზიარებს თუ გმობს ამ განცხადებას?

ბოტკოველი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს განსხვავებული აზრი ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რატომ გახდა მეუფე სპირიდონის ნათქვამი ჟურნალისტებისთვის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი? ზოგიერთი ხომ ფიქრობს, რომ ევროპამ ან ამერიკამ უნდა გააერთიანოს მსოფლიო თუ რაღაც. მას ასეთი განსხვავებული აზრი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საპატრიარქო ასე ფიქრობს და საპატრიარქოს პოზიცია არის.

ტაბულა: ანუ ეს საპატრიარქოს პოზიცია არ არის?

ბოტკოველი: როგორ იქნება საპატრიარქოს პოიზიცია?

ტაბულა: ჩვენ გვინდოდა დაგვეზუსტებინა, რადგან მეუფე სპირიდონი არის სინოდის წევრი.

ბოტკოველი: მერე რა, მეუფე სპირიდონი მღვდელმთავარია, მაღალი თანამდებობის პირია, მაგრამ საპატრიარქოს პოზიცია ასე არ არის, საპატრიარქოს პოზიცია უნდა გაახმოვანოს პატრიარქმა ან მისმა მდივანმა.

ტაბულა: თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში განცხადებები, რომელსაც მაღალიერარქები აკეთებენ და მას საპატრიარქო ოფიციალურად არ გმობს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს აზრს, რომ საპატრიარქოც ასე ფიქრობს...

ბოტკოველი: ეს თქვენი ინტერპრეტაციებია.

ტაბულა: არა, ეს ჩვენი ინტერპრეტაცია არ არის. მამა მიქაელ, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა მეუფე სპირიდონმა. მან თქვა, რომ ქართველს ვერ უწოდებს იმას, ვინც რუსეთს ლანძღავს. გვაინტერესებს, მეუფე სპირიდონის განცხადების დაგმობას თუ აპირებს საქართველოს საპატრიარქო?

ბოტკოველი: კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება საკუთარი აზრი გააჩნდეს, ისევე როგორც თქვენ გაგაჩნიათ თქვენი აზრი მსოფლიოს მოწყობასთან დაკავშირებით, ალბათ, ხო? როგორი უნდა იყოს მსოფლიო, თანამედროვე მსოფლიო, მაგრამ თქვენ ამის გამო არავინ არ გსჯით, ხო?

ტაბულა: დასჯაზე არ არის საუბარი.

ბოტკოველი: აბა, რაზეა საუბარი?

ტაბულა: რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი და ქადაგება, რომ ოკუპანტმა უნდა დაიპყროს, მაგალითად, უკრაინა, ეს ბევრს მიაჩნია მიუღებლად, განსაკუთრებით იმ ქვეყნის ეპისკოპოსის მხრიდან, რომლის ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილიც ოკუპირებულია და მათ შორის ის ტერიტორიაც, რომელსაც უშუალოდ მწყემსავს კათალიკოს-პატრიარქი - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლია. ამდენად, საპატრიარქოში იმიტომ დავრეკეთ, რომ გაგვერკვია, გმობდა თუ არა მისი უწმიდესობის ადმინისტრაცია ასეთ განცხადებას...

ბოტკოველი: აქ არ არის საუბარი გმობაზე და არგმობაზე, თქვენ მეკითხებით მე, რომ ეს არის თუ არა საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, მე გეუბნებით, რომ ის, რასაც მეუფე სპირიდონი ამბობს, არ არის საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია. ეს არის მისი კერძო აზრი, რომელიც მან ისე გამოთქვა, როგორც ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის ქადაგების მიხედვით, რუსეთი საბოლოოდ დაიპყრობს უკრაინას და იქ მონარქია დამყარდება, რომლისაც მისი თქმით ანტიქრისტესაც შეეშინდება. ამავე ქადაგებაში ეპისკოპოსი ამბობს, რომ ის ქართველს ვერ უწოდებს ადამიანს, თუ ის ოკუპანტ ქვეყანას ლანძღავს.

კომენტარები