საქართველოს ეკონომიკა

ქადაგიძე: მოკლევადიანი რყევებისას ინტერვენცია არის ცეცხლზე ნავთის დასხმა

0 კომენტარი
ფოტო: Bloomberg

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში გავლენას მოლოდინები ახდენს. მან დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სავალუტო ბაზარზე კურსის მოკლევადიან რყევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც გაუმართლებელია სავალუტო რეზერვების ხარჯვა.

"რა იწვევს მოკლე ვადაში კურსის მერყეობას სავალუტო ბაზარზე? დავუშვათ, ადამიანს უნდა მანქანის ყიდვა და მას აქვს ამისთვის თანხა, მაგრამ ხედავს, რომ მანქანებზე ფასები ეცემა, ის არ ყიდულობს მანქანას, რადგან ფიქრობს, რომ კიდევ უფრო დაეცემა და იყიდის მაშინ, როცა პიკზე იქნება. მეტიც, ბინის ყიდვა უნდა ადამიანს ერთი წლის შემდეგ და ხედავს, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მუდმივად იზრდება, იმის მოლოდინით რომ უფრო გაიზრდება, ის თავის გადაწყვეტილებას ცვლის და ბინას ყიდულობს დღეს. ზუსტად იგივე ხდება სავალუტო ბაზარზე, თუ ადამიანს უნდა ლარის გაყიდვა ორ კვირაში და ხედავს, რომ კურსი უფასურდება, ის იწყებს ამ თანხის გადახურდავებას დღესვე იმის შიშით, რომ მერე უფრო ძვირად მოუწევს ყიდვა. და პირიქით, თუ უნდა დოლარის ყიდვა, ახლავე ყიდულობს იგივე მოლოდინებიდან გამომდინარე. ამიტომ, როცა კურსის ცვლილება იწყება, მოცულობები იზრდება, ისეთი ბიზნეს აქტორები ერთვებიან პროცესში, რომლებიც მოკლე ვადაში არ უნდა მოხვედრილიყვნენ ბაზარზე. არის თუ არა მოკლევადიან რყევებში გამართლებული ინტერვენცია? რა თქმა უნდა, არ არის. ინტერვენციის დროს, პირიქით, ნავთს დავასხამთ ცეცხლს, რადგან მოლოდინია, რომ კურსი უფასურდება, ამ დროს, ეროვნული ბანკი კიდევ ყიდის რეზერვებს. ეს არის გზავნილი მომხმარებლებისთვის და ბიზნესაქტორებისთვის, რომ "აი, ისე ცუდად არის საქმე, რომ ეროვნული ბანკი ერთვება და მაინც ვერ აჩერებენ". ეს ხშირად ამძაფრებს ამა თუ იმ მოთხოვნას. ჩვენ ვერევით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვატყობთ, რომ ნახტომი აღწევს ისეთ ზღვარს, რომელიც შეიძლება იყოს არასასურველი ან საშიში ამა თუ იმ ქცევის ჩამოყალიბებაში. ამიტომ, მხოლოდ თებერვალში, 120 მლნ დოლარის რეზერვი გავყიდეთ. ნოემბერ-დეკემბერში გავყიდეთ 80 მლნ. შეიძლებოდა თუ არა გაგვეყიდა ადრეულ ნიშნულზე და შედეგად აღარ გაუფასურდებოდა კურსი? არავითარ შემთხვევაში. კურსი მიაღწევდა იმ ნიშნულს თავისი ახალი წონასწორობის, რომელსაც კარნახობს ბაზარი. ნებისმიერი ქმედება, გამოწვეული ბაზრის პრინციპების საწინააღმდეგოდ ან ამ მიმართულებით კონტრპროდუქტიული ნაბიჯი, არის წყალში გადაყრილი ჩვენი რეზერვიც და თანხაც", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ჩვენი ქმედება მიზანმიმართულია ნეგატიური პროცესების შერბილებისკენ.

"იმისთვის, რომ ფუნდამენტურად შეიცვალოს მდგომარეობა, საჭიროა ფუნდამენტურ ფაქტორებზე ზეგავლენა. ამისთვის საჭიროა იმ სავალუტო შემოდინებების მაქსიმალურად მობილიზება და გაზრდა, რომელზეც შესაძლებელია ქვეყანას ჰქონდეს გავლენა. გასაგებია, რომ გზავნილებზე ვერ ექნება გავლენა, ექსპორტზე რუსეთსა და უკრაინაში ვერ ექნება გავლენა, მაგრამ რაზეც შეუძლია, რომ გავლენა ჰქონდეს, უნდა გააკეთოს. რეცეპტი არის მხოლოდ ეს. დანარჩენი და მათ შორს, ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ ნეგატიური პროცესების შერბილებას შეიძლება ისახავდეს მიზნად. 

კურსი გაუფასურებულია 25%-ით წლიურად. ჩვენი ვარაუდით და გათვლებით, აღნიშნული გაუფასურება საკმარისი უნდა იყოს უკვე იმისთვის, რომ გადაფაროს ის სხვაობა, რომელიც წარმოიქმნა შემოდინებებსა და გადინებებს შორის. სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ საშუალოვადიან პერსპექტივაში განსაკუთრებით მაშინ, როცა ზაფხულის სეზონი და ტურისტული სეზონი შევა პიკში, არ ველოდებით უფრო მეტ რყევებს. მოკლევადიან პერიოდში მოლოდინები ახდენს გავლენას და მისი მართვა არის ისეთივე ნაწილი ეკონომიკის მართვის, როგორ ფუნდამენტური პროცესების. ჩვენი ეკონომიკა არის უკვე იმხელა, რომელიც რეაგირებს სხვადასხვა სტატისტიკის გამოქვეყნებაზე და ყველა სტატისტიკური მონაცემის გამოქვეყნებაზე ბაზარს ექნება რეაგირება", - განაცხადა ქადაგიძემ.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დარგობრივი ეკონომიკისა და საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრება. სხდომა 20 წუთის დაგვიანებით, წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებმა პატივი ავტოკატასტროფაში დაღუპულ ქართველ სამხედრო კურსანტებს მიაგეს. 

ხვალ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომაც არის ჩანიშნული. რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა. თუმცა, უმრავლესობის წევრები სხდომაზე მისვლას არ აპირებენ, რის გამოც, სავარაუდოდ კვორუმი ვერ შედგება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები